ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარის საავტომობილო გზის 4,7 კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისიდან ქუთაისის ცენტრთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზის რეაბილიტაციის პროცესი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ვაჟა ფანჩულიძემ დაათვალიერა.

პრესსამსახურის ცნობით, ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარის საავტომობილო გზა 25 წელზე მეტია, არ შეკეთებულა. ადგილზე ამ დროისათვის, ასფალტ-ბეტონის საფარის განახლება მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური ნაგებობების, რკინა-ბეტონის მილების, კიუვეტების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების, საგზაო ნიშნებისა და ავტობუსების გაჩერებების მოწყობა. პროექტზე დასაქმებულია 40 ადგილობრივი მოსახლე.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა "ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარი" აკავშირებს ქუთაისსა და ქუთაისის შემოვლით გზას, მიმდებარე სოფლებს, ასევე, გზა უკავშირდება ბაგრატის ტაძარსა და გელათის მონასტერს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო დაფინანსებით შ.პ.ს "საქმილსადენმშენი" ასრულებს რომლის ღირებულებაც 3 018 000 ლარს შეადგენს.

აღნიშნული გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ორ თვეში დასრულდება.