„სოფელ ჭუბერში სრულად განადგურებულია ინფრასტრუქტურა"

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ათეულობით ოჯახი, რომელიც მდინარის სანაპიროსთან ახლოს ცხოვრობს, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მესტიის საკრებულოს წევრმა ზაზა ვიბლიანმა განუცხადა.„ჯერჯერობით, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ საბედნიეროდ არ არის მსხვერპლი, თუმცა სრულად განადგურებულია ინფრასტრუქტურა. შედარებით დაიკლო წყლის დონემ, თუმცა დინება მაინც ძლიერია“, - აღნიშნა ვიბლიანმა. მისი თქმით, ადგილზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

სვანეთში, მთის ჩამოშლის შედეგად მდინარე ნენსკრა ადიდდა, რის გამოც რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი.