აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანია გააკრიტიკა, რომელსაც „რუსეთისგან დაცვა სურს და ამავდროულად, რუსეთს მილიარდებს უხდის ნავთობსა და გაზზე“.ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მონტანას შტატში თავის მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
„გერმანიამ რუსეთთან ნავთობზე და გაზზე გარიგება დადო, რომლის ფარგლებშიც რუსეთს მილიარდობით დოლარს უხდიან ანუ, მათ სურთ, რომ რუსეთისგან დავიცვათ, მაგრამ ამავდროულად, რუსეთს მილიარდობით დოლარს უხდიან. ჩვენ კი, როგორც კრეტინები ყველაფრისთვის ვიხდით“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ევროპული ქვეყნები, მათ შორის გერმანია დაბალი თავდაცვითი ხარჯებისთვის.
„გერმანია, რომელიც ევროკავშირის უდიდესი ქვეყანაა, მშპ-ს მხოლოდ 1%-ს იხდის, უნდა დაიწყოთ თანხის გადახდა. აშშ ყველაფერზე არ იზრუნებს. ჩვენ დაახლოებით 70-90% ვიხდით, რათა ევროპა დავიცვათ და ეს ნორმალურია“, - დასძინა მან.