მთავრობამ "სოციალურ- ეკონომიკური განვითარების სტრატეგია – საქართველო 2020" დაამტკიცა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე "საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია – საქართველო 2020" დამტკიცდა.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, ამ სტრატეგიის განხილვები ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყო და მასში ფართო სპექტრი მონაწილეობდა.

ხადურის განცხადებით, განხილვები ღიად მიმდინარეობდა და პროცესში ჩართულები იყვნენ უცხოელი ექსპერტებიც.

"მადლობა მინდა გადავუხადო დონორებს, ეს არის: მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს. განხილვებისას იყო ძალიან ცხარე კამათი, ვიდრე ჩვენ არ მოვხარშეთ შიგნით ექსპერტებთან ერთად ეს დოკუმენტი, ეს არ გამოგვიტანია. რაც გამოვიტანეთ, იმაში უკვე იყო გათვალისწინებული მათი მოსაზრებები. მე ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო დოკუმენტია და რაც მთავარია, სწორად არის იდენტიფიცირებული ის პრობლემები, რომლებიც საქართველოს აქვს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, ამ სტრატეგიის იმპლემენტაცია უკვე დაწყებულია. ამასთან, ხადურის თქმით, მის კოლეგა მინისტრებს დაევალათ, რომ ყველა სამინისტრომ თვენახევრის განმავლობაში წარმოადგინოს ის ღონისძიებები, რომელიც უნდა განხორციელდეს.