ლეკო შათირიშვილმა და მარიტა გენებაშვილმა, რომლებიც მეუღლეები და კომპანიის დამფუძნებლები არიან, იმუშავეს პროექტზე, რასაც სახლის პატარა სათბური ჰქვია, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მწვანილის, ბოსტნეულისა და ყვავილის მოყვანა.ისინი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპერები არიან. პროგრამის ფარგლებში 18 გამარჯვებული გამოვლინდა, ერთ-ერთი პროექტი მათია - მწვანილისა და ბოსტნეულის მოსაყვანი დანადგარი, რომელიც მიწის მზა კაფსულებით, ავტომატური მორწყვის რეჟიმით მოქმედებს.
მარიტამ და ლეკომ ინოვაციურ დანადგარზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს,
ექსპერიმენტმა გაამართლა და პროექტის განსახორციელებლად დაფინანსება მოიპოვეს. ამჟამად ისინი საპატენტო პროცედურებს გადიან და მიაჩნიათ, რომ თანამედროვე მომხმარებელი ამ დანადგარით სარგებლობას შეძლებს.
ლეკო: - რამდენიმე თვის წინ გაგვიჩნდა იდეა, ეს სათბური შეგვექმნა, რადგანაც მუდმივად გვჭირდებოდა სხვადასხვა მწვანილი, სალათის ფურცლები, რომელსაც ყოველთვის ვერ ვშოულობდით, რადგან ზოგიერთი მათგანი სეზონურია - მაგალითად, ტარხუნა, რეჰანი...
6 თვის წინ კი ვთქვით, "მოდი, თვითონ მოვიყვანოთ ეს ყველაფერი". თუმცა მივხვდით, რომ უმრავლესობისთვის რთულია სალათის ფურცლების ან იშვიათი ჯიშის მწვანილის გაზრდა. ამიტომ გადაწყვიტეთ ისეთი დანადგარის შექმნა, რომელიც ამ მცენარეების გაზრდას ოთახში შეძლებდა.
ეს მიწის კაფსულაა. მასში მოთავსებული მიწის ნაზავი შეიცავს როგორც მინერალებს, ისე მაკრო- და მიკროელემენტებს, რომლებიც მცენარის მოსაყვანად არის საჭირო. ასევე, კაფსულაში მოთავსებულია მცენარის თესლი და შემდეგ საჭირო აღარ არის მისი ცალკე დათესვა.
კაფსულა უნდა მოვათავსოთ დანადგარში, რომელშიც წყლის რეზერვუარია. თესლის გაღივება ავტომატურად იწყება. დანადგარს აქვს სრული სპექტრის ხელოვნური განათება, რომელიც ხელს შეუწყობს მცენარის გაზრდას.
მოკლედ, ეს არის ინტერიერის მრავალდონიანი ფერმა - ასე ვეძახით. მისი დახმარებით მომხმარებელს სპეციალური მიწის კაფსულების საშუალებით შეუძლია მოიყვანოს მწვანილი, ბოსტნეული თუ ყვავილი.
მე და ჩემი მეუღლე რამდენიმე ქართული სტარტაპის დამფუძნებლებიც ვართ, მათ შორის არის კომერციული სამზარეულო, ასევე მიკრომწვანილის პირველი ვერტიკალური ფერმა. სწორედ ჩვენი კომერციული სამზარეულოსა და მიკრომწვანილის ფერმისთვის დაგვჭირდა სხვადასხვა საინტერესო მცენარე, ბოსტნეული, სეზონური მწვანილი და პრობლემას წავაწყდით. ინტერიერის მრავალდონიანი ფერმით კი შეგვიძლია ნებისმიერი სახის, მათ შორის, იშვიათი ჯიშის მცენარე, სეზონის მიუხედავად, ნებისმიერ დროს მოვიყვანოთ. მოწყობილობა გვაძლევს საშუალებას, მცენარეები შინ ან ნებისმიერ დახურულ სივრცეში გავზარდოთ. ამიტომ ის საინტერესოა როგორც სახლის პირობებისთვის, ასევე კომერციული სამზარეულოებისთვისაც, სადაც შეფებსა და მზარეულებს საშუალება ექნებათ, სასურველი მცენარეები მოიყვანონ და შემდეგ კერძების გასაფორმებლად ან შესანელებლად გამოიყენონ.
- არცთუ დიდია თქვენი დანადგარი...
- სიგრძით 60 სმ-ია, სიმაღლით - 50 სმ. მოწყობილობაში თავსდება ჭიქისებრი (ყავის ჭიქის ზომის) კაფსულები მიწითა და თესლით. "ჭიქა-კაფსულას" მოვათავსებთ თუ არა მოდულში, მიწა ავტომატურად სველდება და თესლი გაღივებას იწყებს. მას მერე, რაც მცენარე მიწიდან თავს ამოყოფს, სპეციალური განათების საშუალებით სრულ ასაკამდე იზრდება.კაფსულებს გარედან აწერია, რისი თესლია მასში. მაგალითად, გაიყიდება ცალკე პამიდორ ჩერის კაფსულები, კამისა და სხვ. მოდულში სულ 11 კაფსულა თავსდება, შეგიძლიათ შეურიოთ - 3 ცალ რეჰანის კაფსულასთან 4 ცალი კამის კაფსულა ჩადოთ და ა.შ. დაახლოებით 3 კვირა სჭირდება მცენარეებს აღმოცენებისა და განვითარებისთვის. თითო კაფსულიდან დაახლოებით ერთ კონა მცენარეს ან ერთ კონა მწვანილს მივიღებთ.
- დანადგარი დენით მუშაობს?
- დიახ, ქსელში უნდა შეაერთოთ, რათა მცენარეს განათება ჰქონდეს. დანადგარის შეძენა ინტერნეტის საშუალებით და ჰიპერმარკეტებში იქნება შესაძლებელი. მას ჩვენი პარტნიორი საწარმო აწარმოებს, ხოლო კაფსულებს ჩვენივე კომპანიაში დავამზადებთ. თითოეული მოწყობილობის ფასი 250 ლარი ღირს.ლალი ფაცია
წყარო: „კვირის პალიტრა"