ძვირი წამლის ფასი

”ბიზნესელიტა”, რომელიც წინა ხელისუფლებასთან იყო დაახლოებული, ამ სიახლოვით ახლაც სარგებლობს”.”ჩემი 4 წლის გოგონას ეპილეფსიური გულყრა აწუხებს და ექიმმა ”დეპაკინის სიროფი” და ”ნოოფენი” გამოუწერა. ადრე ”ჯიპისის” სააფთიაქო ქსელში ”დეპაკინის” სიროფს 8,75 ლარად ვყიდულობდი, ახლა, 11,50 ლარი გადავიხადე. 26 ლარი ღირდა ”ნოოფენიც”, რომელიც ასევე აუცილებელია ჩემი შვილისთვის... ფარმაცევტმა მითხრა, თითქმის ყველა დასახელების მედიკამენტი გაძვირდაო” - მიხსნის  ნატო ნაცვლიშვილი... წამლების გაძვირებაზე მოსახლეობის უკმაყოფილება თანდათან იზრდება, რადგან მედიკამენტები თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელში გაძვირდა. მომხმარებელი წუხს, რომ ის მედიკამენტები, რომლებიც ხელისუფლების შეცვლიდან ცოდა ხანში გაიაფდა, სულ მალე ისევ გაძვირდა.

ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელები წამლების გაძვირებას უარყოფენ. თუმცა, მომხარებლების თქმით, წამლების გაძვირება აქამდე ყველაზე დაბალი ფასებით გამორჩეულ ”ფარმადეპოსაც” შეეხო. მეტიც, ზოგი მედიკამენტი აღნიშნულ სააფთიაქო ქსელში უფრო ძვირიც ღირს, ვიდრე სხვა ფარმაცევტულ სავაჭრო ობიექტებში. მომხმარებელთა თქმით, თითქმის ყველა აფთიაქში ვიზიტისას მედიკამენტებზე გაზრდილი ფასები ხვდებათ.

ფრიდონ გაგოშიძე, თბილისის მკვიდრი:

- ადრე თუ ბავშვისთვი ხველის საწინააღმდეგო აბების - ”მუკალტინის” ფირფიტას 30 თეთრად ვყიდულობდი, ახლა მას საერთოდ ვეღარ იშოვი, სამაგიეროდ, მის ნაცვლად სიროფს გთავაზობენ,  3.40 ლარი ღირს. ე.წ. ფასდაკლების დღეებში,  შედარებით იაფი ღირს, მაგრამ სხვა დღეებში იმდენად ძვირია, რომ იმ ორი დღის შეღავათს ფარავს. პაციენტს ზოგი მედიკამენტი სასწრაფოდ სჭირდება და ფასდაკლების დღეებს ხომ ვერ დაელოდება?  ყველა სააფთიაქო ქსელში გაიზარდა ”პამპერსის” ფასი. თვეში სულ 500 ლარი მაქვს შემოსავალი და მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრებისთვის წამლებისა და ჰიგიენის საშუალებების შესაძენად არ მყოფნის.

ნათელა სამუშია, პესნიონერი:

-გასულ ზამთარს რამდენჯერმე გამიცივდა შვილიშვილი. ანტიბიოკიტიკი ”როცეფინი” (1 მგ-იანი) გამოუწერეს - 12,35 ლარი ღირდა. ცოტა ხნის წინ კიდევ დამჭირდა ამ პრეპარატის შეძენა და 13,50 ლარი გადავიხადე. საბავშვო სუსპენზია ”სინეკოდი” 9 ლარი ღირდა, ახლა  10 ლარი ღირს. ”პუროქსანის” ფასი 15 ლარიდან 19 ლარამდე გაიზარდა. ნოშპა 5,40 ლარი ღირდა და 6,60 ლარი გახდა. გული მაწუხებს და მუდმივად მჭირდება წამლები, რომელთა შეძენის შემდეგ, ლამის პურის ფულის გარეშე ვრჩები. ჩემი დაკვირვებით, ფასდაკლების დღეებში აფთიაქები პრეპარატებს ძველი ფასებით ყიდიან, დანარჩენ დღეებში კი მომატებულ ფასში. გამოდის, რომ გამოცხადებული ფასდაკლებები უბრალოდ ტყუილია. 

სპეციალისტების აზრით, ფარმაცევტულ ბაზარზე ვითარება მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში შეიძლება შეიცვალოს, ამას კი ახალი კომპანიების შემოსვლა სჭირდება.

ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში:

-ფარმაცევტული პროდუქციით და ნავთობპროდუქტებით, ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ბაზრებზე ამ თვალსაზრისით ფასები არ იცვლება, საქართველოში  ფასები მაინც ცვალებადია.  საზოგადოებასა და ექსპერტულ წრეებში ჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი კარტერული გარიგებებით ხომ არ არის ნაკარნახევი -ხომ არ არსებობს კომპანიებს შორის მაღალი ფასის შესახებ შეთანხმებები? არის ლეგიტიმური კითხვა, რაზეც პასუხი დღემდე არ არსებობს.

-სახელმწიფოს არ აქვს ასეთი პროცესების გაკონტროლების მექანიზმი?

-ამისთვის აუცილებელია პოლიტიკური ნება. წელიწადნახევარი დასჭირდა კონკურენციის შესახებ კანონის მიღებას. ახლა გვაქვს კანონი, კონკურენციის სააგენტოც , თავმჯდომარეც დანიშნულია, მაგრამ მაინც არ მუშაობს, რადგან არ არსებობს ნორმატიული  ბაზა, რის საფუძველზეც ამა თუ იმ კომპანიის მონოპოლოური მდგომარეობის, დომინანტური საბაზრო ქმედების ან კარტერული გარიგების გამოვლენა მოხდება.. კითხვაზე, თუ როდის გვექნება  ეს ნორმატიული ბაზა, გვპასუხობენ, რომ  2014 წლის ბოლოს... ამიტომ, ჩნდება ეჭვი საზოგადოებაში და ჩემშიც, რომ ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხომ არ ხდება, რომ მონოპოლისტების გამოსავლენად პოლიტიკური ნება არ არსებობს...

- ანუ ხელისუფლების დაპირება, -”მონოპოლიების მოშთობის” შესახებ, მხოლოდ პიარი იყო?

-ფაქტია, რომ წინა ხელისუფლების დროსაც არსებობდნენ მონოპოლისტები და ახლაც არიან. ამასთან, ამ ბიზნესის მეპატრონეები პარლამენტშიც არიან  და ყველაფერი ძველებურად გრძელდება. ის ”ბიზნესელიტა”, რომელიც წინა ხელისუფლებასთან იყო დაახლოებული, ამ სიახლოვით ახლაც სარგებლობს. თავად არიან ხელისუფლების ნაწილი და ამ კანონმდებლობის ამოქმედება მათ ინტერესებში არ შედის. მედიკამენტების საერთო მაჩვენებელი, საერთო ჯანდაცვის დანახარჯებში, კატასტროფულად მაღალი - 50%-ზე მეტია, როდესაც ევროპაში, 22-25 % -ია და იქაც კი მიაჩნიათ, რომ ეს მაჩვენებელი მაღალია.

ლალი პაპასკირი