ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმს ნერგავსჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის შემთხვევების, ანუ მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმს ნერგავს. 16 ივლისიდან ნებისმიერ პირს, ვისაც ექიმი ხუთ და მეტ მედიკამენტს გამოუწერს, დანიშნულების გადამოწმების შესაძლებლობა ექნება. ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის - პოლიფარმაციის სამდივნოს საშუალებით, პაციენტი შეძლებს, შეამოწმოს, ჭარბია თუ არა ექიმის მიერ მისთვის გამოწერილი წამლები. პასუხს, საჭიროა თუ არა დანიშნულების კორექტირება, პაციენტი სამი დღის განმავლობაში მიიღებს, რის შემდეგაც ექიმს პაციენტისთვის დანიშნულების მართებულობის განმარტება მოუწევს. არადამაჯერებელი არგუმენტაციის შემთხვევაში პაციენტი დანიშნულებას განმეორებით ატვირთავს ან გაუგზავნის შესაბამის კომისიას, რომელიც უკვე მკურნალი ექიმისგან გამოითხოვს ინფორმაციას, რატომ არ შეიცვალა დანიშნულება. არასათანადო არგუმენტირების შემთხვევაში ექიმი კომისიის წინაშე წარდგება.
"პასუხს პაციენტი სამ დღეში მიიღებს"
ნათია ნოღაიდელი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს უფროსი: "პოლიფარმაცია ნიშნავს მედიკამენტების ჭარბად დანიშვნას და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს მედიკამენტების სწორად ან არასწორად დანიშვნას. აქვე მინდა დავაზუსტო, რომ ამ ნაბიჯით სამინისტრო არ ერევა ექიმისა და პაციენტის ურთიერთობასა და მკურნალობის პროცესში.
სამინისტროში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნული მედიკამენტების რაოდენობის შემოწმება რამდენიმე მარტივი კრიტერიუმით. მაგალითად, ერთ-ერთი კრიტერიუმის თანახმად, შევამოწმებთ, ხომ არა აქვს დანიშნული პაციენტს ერთი და იმავე გენერიკული დასახელების მედიკამენტი სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით, მაგრამ აქვე გავითვალისწინებთ წამლის ორგანიზმში შეყვანის გზებს. გარდა ამისა, შემოწმდება, ხომ არ აქვს პაციენტს დანიშნული ერთმანეთთან შეუთავსებელი მედიკამენტები. შევამოწმებთ, ხომ არ დანიშნა ექიმმა ერთი და იმავე ფარმაკოლოგიური ჯგუფის მედიკამენტი.
აგრეთვე, პაციენტის მომართვის შემთხვევაში შევამოწმებთ, ხომ არ დაუნიშნა ექიმმა მას ორი და მეტი ანტიბიოტიკი. ბოლო კრიტერიუმი იქნება ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, რომლებიც გავრცელებულია საქართველოშიც, მათი კლინიკური ეფექტიანობა კი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის. ამ შემთხვევაშიც შევამოწმებთ, რა მიზანს ემსახურება პაციენტისთვის ბიოლოგიური დანამატების დანიშვნა. სწორედ ამ ხუთი კრიტერიუმით შემოწმდება ექიმის დანიშნულება, რომელსაც ხუთი ან მეტი წამლის დანიშვნის შემთხვევაში გამოგვიგზავნის პაციენტი.
სამ სამუშაო დღეში პოლიფარმაციის სამდივნო პაციენტს უბრუნებს პასუხს, სჭირდება თუ არა მის დანიშნულებას კორექტირება და ზემოთ ჩამოთვლილთაგან კონკრეტულად რომელი კრიტერიუმით.
თუ პაციენტი მეორედ შემოიტანს განაცხადს ერთსა და იმავე დანიშნულებაზე, ან როცა შემოვა დანიშნულება, რომელიც იმდენად სახიფათოა პაციენტისთვის, რომ რეაგირებაა საჭირო, დანიშნულება სამინისტროს სამუშაო ჯგუფის ფორმატით განიხილება. დავაზუსტებ, რომ პირველ ეტაპზე საკითხს კლინიკური ფარმაკოლოგი განიხილავს.
პაციენტის განაცხადი შემოდის ორი ფორმით. ვინც ელექტრონული რეცეპტის სისტემაშია რეგისტრირებული, შეუძლია, მარტივი მონიშვნით გვაუწყოს, რომ სურს დანიშნულების შემოწმება. თუმცა თბილისსა და რეგიონებში ბევრი სამედიცინო ამბულატორიული ცენტრი არ არის ჩართული ელექტრონული რეცეპტის სისტემაში, ამიტომ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, მივიდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ახლომდებარე ფილიალში და მიიტანოს განაცხადი. ისევე როგორც ელექტრონულად გაცხადებისას, პაციენტი ამ შემთხვევაშიც პასუხს სამი სამუშაო დღის შემდეგ მიიღებს იმავე ფილიალში.
პოლიფარმაციის სამდივნოსგან პასუხის მიღების შემდეგ პაციენტი უფლებამოსილია, მივიდეს თავის ექიმთან და კიდევ ერთხელ, ახლა უკვე კლინიკური ფარმაკოლოგის კომენტარების თანხლებით, შეამოწმოს, ან მოსთხოვოს ექიმს დანიშნულების კორექტირება. თუ ექიმი დაეთანხმება რეკომენდაციებს და საჭიროდ მიიჩნევს მათ გათვალისწინებას, ის პაციენტს დანიშნულებას შეუცვლის, ხოლო თუ არ დაეთანხმება, დაარწმუნებს, რომ დანიშნულება სწორი იყო და პაციენტიც დაეთანხმება, მკურნალობას პირველადი დანიშნულებით გააგრძელებენ, მაგრამ თუ პაციენტისთვის მისაღები არ იქნება ექიმის პოზიცია, მას მეორედაც შეუძლია შემოიტანოს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროში. როცა სამინისტროში მეორედ შემოდის პაციენტის განაცხადი, კლინიკური ფარმაკოლოგის პასუხი ექიმსაც ეგზავნება, რათა მან ან შეუცვალოს პაციენტს დანიშნულება, ან დაასაბუთოს, რატომ არ ცვლის მას. ამ შემთხვევაში სხვა მექანიზმი ირთვება და ექიმს უწევს დასაბუთების წარდგენა პოლიფარმაციის ჯგუფისთვის, სადაც მოწვეული იქნება იმ კონკრეტული დარგის ექსპერტი, რომელი სპეციალიზაციისაც არის ექიმი. აქვე მინდა განვმარტო, რომ სამინისტროს როლი არ იქნება მანდატორული, არამედ ის ექიმსა და პაციენტს შორის რეკომენდატორად წარმოჩინდება."
"პაციენტების 10-15%-ს დაუსაბუთებელი მკურნალობა ჰქონდა დანიშნული"
ლუიზა გაბუნია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი: "არავისთვის არის საიდუმლო, რომ არსებობს გარიგება ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის და ექიმს კონკრეტული ინტერესი აქვს, პაციენტს გამოუწეროს კონკრეტული სავაჭრო დასახელების წამალი, ზოგჯერ ჭარბი რაოდენობითაც კი.
სამწუხაროდ, განსაკუთრებით ხშირია შემთხვევა, როცა დაუსაბუთებელი რაოდენობის პრეპარატები ენიშნებათ ხანდაზმულებს, ორსულებსა და ბავშვებს.
არადა, მედიკამენტების ჭარბად დანიშვნა შესაძლოა, წამლით გამოწვეული დაავადებების მიზეზი გახდეს.
მეტიც, შესაძლოა, ჭარბი რაოდენობის მედიკამენტის მიღება ხანდაზმული პაციენტების სიკვდილის მიზეზადაც იქცეს.
ცოტა ხნის წინ, "საქართველოს სამედიცინო ასოციაციების" მიერ მოეწყო კვლევა. შეისწავლეს 113 პაციენტის სამედიცინო ისტორია. აღმოჩნდა, რომ პაციენტების 10-15%-ს დაუსაბუთებელი მკურნალობა ჰქონდა დანიშნული. მაგალითად, იყო შემთხვევები, როცა პაციენტს დანიშნული ჰქონდა ერთი და იმავე ფარმაკოლოგიური ჯგუფის სხვადასხვა დასახელების პრეპარატი. ამ შემთხვევაში შესაძლოა თერაპიული ეფექტი იმდენად გაიზარდოს, რომ წამალი გახდეს ტოქსიკური და ამავე დროს, არის რისკი, განვითარდეს ინტენსიური გვერდითი ეფექტები. ყველა ნივთიერება შესაძლოა გახდეს შხამი, თუ მას შესაბამისი დოზით არ გამოვიყენებთ. ეფექტურობა, უსაფრთხოება და შესაბამისობა - ეს სამი კრიტერიუმი უნდა იყოს დაცული ექიმის მიერ წამლის დანიშვნისას, რისი უგულებელყოფაც, სამწუხაროდ, ჩვენთან ხშირად ხდება. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ამ ჩამონათვალს ფასსაც დავამატებდი, რადგან ზოგჯერ ჩვენთან ორიგინალური მედიკამენტი უფრო იაფი ღირს, ვიდრე მისი ანალოგი."
"ჯერ გამომწვევ მიზეზებს უნდა ვებრძოლოთ"
სერგო ჩიხლაძე, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში: "მეთოდი, რომელიც მათ შემოგვთავაზეს, ვერ იქნება ეფექტური რამდენიმე მიზეზის გამო. უპირველესად, უნდა ვიცოდეთ, რა არის პოლიფარმაციის მიზეზი. პირველი არის ექიმების დაბალი კვალიფიკაცია, როცა თავის დაზღვევის მიზნით პაციენტს ბევრ წამალს უნიშნავენ, რომ "იქნებ რომელიმე მოუხდეს". მეორე მიზეზი არის გარიგება ექიმს, კლინიკასა და ფარმაცევტულ კომპანიას შორის. ამ დროს ექიმის ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი წამალი დაუნიშნოს პაციენტს, რათა მასთან გარიგებულმა კომპანიამ მეტი მოგება ნახოს. არც ერთ ამ მიზეზს არ პასუხობს გადაწყვეტილება, რომელიც სამინისტრომ შემოგვთავაზა. თუ გვინდა რაღაცას ვებრძოლოთ, ჯერ მის გამომწვევ მიზეზებს უნდა ვებრძოლოთ. შესაბამისად, ეს მიდგომა პოლიფარმაციის მიზეზებს არ და ვერ აღმოფხვრის.
ამას გარდა, ამგვარი ფორმით ექიმის დანიშნულების შემოწმება პაციენტისთვის, პრაქტიკული განხორციელების თვალსაზრისით, ძალიან რთული იქნება. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე ათასი პაციენტი გადაწყვეტს, ერთ დღეს გაგზავნოს თავისი დანიშნულება პოლიფარმაციის სამდივნოში, ადვილი წარმოსადგენია, რა ადამიანური რესურსია საჭირო ყველა დანიშნულების შესამოწმებლად. ამასაც რომ თავი დავანებოთ, რას ეუბნება ჯანდაცვის სამინისტრო ამ გადაწყვეტილებით პაციენტებს? რომ სამი დღე მოიცადონ პასუხამდე და მერე დაიწყონ წამლის დალევა? ზოგჯერ არათუ დღეებს, საათებსაც კი მნიშვნელობა აქვს პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის.
თან ჩვენი პაციენტები დამყოლი ხასიათითაც არ გამოირჩევიან, რასაც კვლევებიც ადასტურებს. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებით სამინისტრო კი არ ზრუნავს პაციენტებზე, არამედ პაციენტს ეუბნება, რომ თვითონ მიხედოს თავს და არკვიოს, სწორად დაუნიშნა ექიმმა წამლები თუ არა.
არ იყო საჭირო ველოსიპედის გამოგონება, შეგვეძლო გადმოგვეღო რომელიმე განვითარებული ქვეყნის მაგალითი, თუმცა ამისთვის დაგჭირდებოდა სრულად გადასვლა რეცეპტის ელექტრონულ სისტემაზე.
ასეთ დროს შემთხვევითი შერჩევის მეთოდით ხდება ელექტრონულ სისტემაში რეცეპტების შემოწმება, სადაც ნათლად ჩანს ტენდენცია - ვინ წერს ყველაზე მეტ წამალს, რომელ კლინიკებზე იხარჯება ყველაზე მეტი ფული და სხვ.
ასეთი მიდგომა - როცა სახელმწიფო პროაქტიულად არის ჩართული - იქნებოდა უფრო სწორი და არა ის, რომ მტკიცების ტვირთი პაციენტს დავაკისროთ".
P.S. სტატიაზე მუშაობისას პოლიფარმაციის კონკრეტული მაგალითების მოძიება ვცადე. ჯანდაცვის სამინისტროში ახლად შექმნილ ჯგუფს პაციენტები ბევრ საინტერესო ფაქტს უყვებიან. მაგალითად, ერთ შემთხვევაში ექიმმა პაციენტს 16 დასახელების წამალი დაუნიშნა, რომელთა ღირებულება ერთი სრული სამკურნალო კურსის შემთხვევაში 1400 ლარს აჭარბებდა. არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა მეორე შემთხვევა, როცა ექიმი დანიშნულების გამოწერამდე პაციენტის ფინანსური მდგომარეობით დაინტერესდა და მარტოხელა პენსიონერს მხოლოდ ერთი, იაფი წამალი გამოუწერა.
ემა ტუხიაშვილი
წყარო: „კვირის პალიტრა"