საიდან შემოდის საწვავი საქართველოში

2018 წლის ივნისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 86,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც მაისის მაჩვენებელთან შედარებით - 13,2 ათასი ტონით ნაკლები, გასული წლის ივნისთან შედარებით კი 1,9 ათასი ტონით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2018 წლის ივნისში ბენზინის საწვავის იმპორტმა 48,1 ათასი ტონა (მატება 5,0 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 38,8 ათასი ტონა კლება 18,2 ათასი ტონით) შეადგინა.

„მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 516,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 60 ათასი ტონით აღემატება. მათ შორის, 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა 256,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 260,1 ათასი ტონა შეადგინა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2018 წლის ივნისში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა : A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 37,7 ათასი ტონა ანუ 78,4%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 9,9 ათასი ტონა ანუ 20,6%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,5 ათასი ტონა ანუ 1% შეადგინა.

2018 წლის 6 თვის განმავლობაში კი საწვავის კატეგორიების მიხედვით საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა - A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 182,0 ათასი ტონა ანუ 70,9%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 71,0 ათასი ტონა ანუ 27,7%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 3,7 ათასი ტონა ანუ 1,4% შეადგინა,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის ივნისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 21,1 ათასი ტონა თურქმენეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 24,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 19,2 ათასი ტონა (22,1%); ბულგარეთი - 17,9 ათასი ტონა (20,6%); რუსეთი - 16,6 ათასი ტონა (19,1%), აზერბაიჯანი - 6,3 ათასი ტონა (7,2%), საბერძნეთი - 5,8 ათასი ტონა (6,7%).

2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში კი ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 143,6 ათასი ტონა რუსეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 27,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 128,3 ათასი ტონა (24,8%); თურქმენეთი - 91,8 ათასი ტონა (17,8%); აზერბაიჯანი - 73,7 ათასი ტონა (14,3%), ბულგარეთი - 51,1 ათასი ტონა (9,9%); საბერძნეთი - 28,2 ათასი ტონა (5,4%).