დავით ჭიჭინაძე „ყაზტრანსგაზის“ საკითხზე პარლამენტში სპეციალური მოსმენის გამართვას მოითხოვს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ყაზტრანსგაზის“ საკითხზე და ზოგადად ყაზახურ ინვესტიციებთან დაკავშირებით, პარლამენტში სპეციალური მოსმენის გამართვას მოითხოვს.

საკითხი ჭიჭინაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დააყენა და როგორც განმარტა, უნდა გაირკვეს, როგორ დაიკარგა ქვეყანაში დაახლოებით მილიარდ დოლარამდე ჩადებული ინვესტიცია, როგორც ამაზე ყაზახური მხარე საუბრობს.

„ყაზახეთის ყოფილმა ელჩმა საკმაოდ არასასიამოვნო ინტერვიუ მისცა. კარგი იქნება, თუკი „ყაზტრანსგაზის“ დავალიანებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს მოვიწვევთ. უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება. აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში საჯილდაო ქვა იყო. ეს 40 მილიონ დოლარს ეხება, რომელიც თავის დროზე „ყაზტრანსგაზს“ სააკაშვილის ხელისუფლებამ დააკისრა და შემდეგ მიმართა მოხერხებულ ფორმას – ამ ვალის არჩამოწერას. არიცხავდნენ ჯარიმებს და ეს ვალი ერთიორად ამოიღეს. ამით ყაზახური მხარე აღშფოთებული იყო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საკითხი დაიძრა, მაგრამ შემდეგ ისევ გაჩერდა. დღეს შედგა შეთანხმება ხელშეკრულების გაფორმებაზე, მაგრამ მაინტერესებს იმ 40 მილიონი დოლარის საკითხი, რომელიც ამდენი ხანი ხელს უშლიდა ქვეყანაში ყაზახური ინვესტიციების გაგრძელებას. ამან გამოიწვია ყაზახური ინვესტიციების ქვეყნიდან გასვლა. ამას მოჰყვა ლიკანის პროექტი და ა. შ. საკითხი ჩვენს ყურადღებას იმსახურებს, რადგან ეს სხვა საელჩოებისა და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის საკმაოდ ნიშანდობლივია, თუ როგორ დაიკარგა ქვეყანაში დაახლოებით მილიარდ დოლარამდე ჩადებული ინვესტიცია“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია კოლეგის პოზიციას აღნიშნულ საკითხზე საკომიტეტო მოსმენის გამართვასთან დაკავშირებით დაეთანხმა.