ამერიკაში შრომის ბაზრის მოსალოდნელზე ოდნავ უარესი სტატისტიკის გამო, ამერიკულმა დოლარმა პოზიციები დათმო და ბოლო სამკვირანახევრის მინიმუმი განაახლა.დოლარის ინდექსი, რომელიც ექვსი წამყვანი ვალუტისადმი ამერიკული დოლარის საშუალო კურსს ასახავს, 0.15 პროცენტით, 93.877-მდე შემცირდა, რაც 14 ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. პარასკევს, როცა შრომის ბაზრის სტატისტიკა გამოქვეყნდა, ინდექსის კლება კიდევ უფრო მკვეთრი - 0.5 პროცენტი იყო.
შრომის ბაზრის სტატისტიკამ აჩვენა, რომ უმუშევრობის დონე 3.8-დან 4.0 პროცენტამდე გაიზარდა. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ 0.3-დან 0.2 პროცენტამდე შემცირდა საათობრივი ანაზღაურების ზრდის ტემპი. ამ ეტაპზე, სწორედ ესაა ის ძირითადი მაჩვენებელი, რომელიც ინფლაციის ზრდის ტემპზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენს ახდენს. ამიტომ, მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას, ფედრეზერვი სწორედ მას მიაქცევს ყველაზე მეტ ყურადღებას.
ინფლაციის სუსტი სტატისტიკა, ფედრეზერვს დოლარზე საპროცენტო განაკვეთის აწევისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს, ეს კი დოლარის კურსზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ სავალუტო ბაზარმა, შრომის ბაზრის სტატისტიკას დოლარის დასუსტებით გასცა პასუხი.
ცნობისათვის, ივნისის სხდომაზე ფედრეზერვმა გადაწყვიტა, რომ წელს დოლარზე განკვეთს ოთხჯერ ასწევს და არა სამჯერ, როგორც ეს ადრე ჰქონდა დაგეგმილი. ამის მიზეზი, ეკონომიკის განვითარების საშუალოზე მაღალი ტემპი და ინფლაციის მიზნობრივ 2-პროცენტიან ზღვართან მიახლოება გახდა.
პარალელურად, შეერთებული შტატების ხაზინის 10-წლიან ფასიან ქაღალდებზე მომგებიანობა, ბოლო ექვსი კვირის ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე შემცირდა, რაც დოლარის კურსზე ასევე უარყოფითად მოქმედებს. ამის ფონზე, 2 და 10-წლიან ბონდებზე მომგებიანობას შორის განსხვავება პრაქტიკულად არ შეცვლილა.
დოლარის კურსი პრაქტიკულად არ შეცვლილა იაპონურ იენთან წყვილში. 1 დოლარის ფასი 110.42-ის ფარგლებშია. ეს შესაძლოა, იმის მანიშნებელია, რომ ინვესტორებს რისკებისადმი ნეიტრალური მოლოდნ აქვთ და ისინი რომელიმე მიმრთულებით (ყიდვა ან გაყიდვა) გადაწყვეტილების მისაღებად, კატალიზატორს ელიან.
დოლართან წყვილში გაიზარდა ევრო, რომელიც ამ მომენტისთვის 1.1785 დოლარი ღირს. ევროპულ ვალუტას დოლართან პარასკევს 0.45-პროცენტიანი ზრდა ჰქონდა, რაც ძირითადად ამერიკის შრომის ბაზრის მაჩვენებლებმა განაპირობა.
დოლართან წყვილში ზრდას აგრძელებს ბრიტანული სტერლინგიც, რომლის ფასიც 1.3362-მდე (14 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი) გაიზარდა, თუმცა შემდეგ მოგების ნაწილი დათმო და ამ მომენტში, მისი ფასი 1.3345 დოლარის ფარგლებშია.
სტერლინგთან დაკავშირებით, ერთი საინტერესო მომენტია: თანამდებობიდან გათავისუფლდა ბრექსიტის საქმეთა მდივანი დევიდ დევისი. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირთან ბრექსიტის საკითხზე მოლაპარაკებას შესაძლოა პრობლემა შეექმნას, რაც ხისტი ბრექსიტის შანსს ზრდის. ეს კი სტერლინგის კურსს აუცილებლად დააზარალებს.