საქართველოს კონკურენციის სააგენტო „ამერიტექისა“ (არაი თუმოროუ) და „სმაილის“ კონცენტრაციას დათანხმდა.როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შპს „ამერიტექსა“ და შპს „სმაილს“ შორის მოსალოდნელი კონცენტრაციის შესახებ წინასწარი შეტყობინება კონკურენციის სააგენტოში 2018 წლის 11 ივნისს შევიდა.
„სააგენტომ შესაბამის ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლისა და მოსალოდნელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის დადგენის მიზნით, გამოითხოვა და დაამუშავა ინფორმაცია, როგორც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, შემოსავლების სამსახური), ასევე შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისგან. მიღებული მასალების შესწავლისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაანალიზების საფუძველზე, სააგენტომ ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილები დაადგინა და მოსალოდნელი კონცენტრაციის შედეგები შეაფასა,“-აღნიშნულია განცხადებაში.
სააგენტომ მონაცემების შესწავლისა და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, კომპანიების როგორც დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტების მიერ ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია, კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიიჩნია.
ცნობისთვის, შპს „ამერიტექის“ (არაი თუმოროუ) 100%-იანი წილის მფლობელი არმინე პეტროსიანია; რაც შეეხება „სმაილის“ 30%-იანი წილის მფლობელი - მზევინარ მახარაძე; 19%-იანის - დავით დოლიძე; 51%-ის კი შპს „ალბა კაპიტალია“. თავის მხრივ „ალბა კაპიტალის“ 100%-იანი წილი კი ალექსი ალექსიშვილს ეკუთვნის.