”კაზანტიპის” ანალოგს შეწირული თხილის მოსავალი

რამდენიმე დღეც და ანაკლიაში დაგეგმილი მუსიკალური პროექტის, ”გამარჯობას” შესახებ ყველა დეტალი ცნობილი გახდება.როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, ეკა სოსელია ამბობს, ამ ეტაპზე ყალიბდება კონცეფცია, რომლის პრეზენტაცია 16 ივნისს იგეგმება.

”ვიცი, რომ ფესტივალის ორგანიზატორები აყალიბებენ ახალ კონცეფციას, რომელიც ქართულ სინამდვილეზე იქნება მორგებული. ფესტივალის მოწყობა აგვისტოს ბოლოს იგეგმება ანაკლიაში. ფესტივალზე დასასწრები ბილეთის ფასი და სხვა დეტალები დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვისაც სხვა არაფერია ცნობილი. დაზუსტებით მხოლოდ ერთადერთი რამის თქმა შეგვიძლია, ფესტივალი ქართული ფოლკლორული დეტალებით იქნება გაჯერებული”,- ამბობს ეკა სოსელია.

გიორგი სიგუა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი:

”შეთანხმება უკვე მიღწეულია უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებთან, რათა ახალი რეისები დაინიშნოს ბათუმის აეროპორტში კიევის, ხარკოვისა და ლვოვის მიმართულებით. საუბარია, კვირაში 11 რეისის დანიშვნაზე. დანარჩენ დეტალებზე მიმდინარეობს მუშაობა”.

სიგუას განმარტებით, საქართველოში გაიმართება ”კრიმფესტისა” და ”კაზანტიპის” მსგავსი ფესტივალი, რომლებიც ყირიმში ტარდებოდა, თუმცა წლევანდელი ფესტივალი უკრაინული ანალოგის მასშტაბებს ჯერ ვერ მიაღწევს...

”დროა ჩაალაგოთ თქვენი ყვითელი ჩემოდნები”, – წერია ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც პროგრამის გაცნობა უკვე შესაძლებელია. ცნობილია, რომ ყვითელი ჩემოდანი ფესტივალის სიმბოლოა, ფესტივალის მონაწილეებსაც ძირითადად ყვითელი და სტაფილოსფერი ტანსაცმელი აცვიათ.

მართალია, აგვისტომდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ ანაკლიის მაცხოვრებლები, როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ახლაც თადარიგს იჭერენ. სხვადასხვა წყაროს საშუალებით გაარკვიეს, რომ ფესტივალზე დასასწრები ბილეთის ფასი საკმაოდ მაღალი იქნება, მაგრამ ეს მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

ნიკა, 24 წლის, ანაკლიის მკვიდრი:

- ფესტივალზე დასასწრები ბილეთის ფასის შესახებ განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება. ამბობენ, რომ ფესტივალზე შესვლა 200 დოლარიდან 250 ევრომდე ეღირება, მაგრამ რადგან საქართველოში ამ ტიპისა და დონის ფესტივალი პირველად ტარდება, უნდა გაიმეტო ეს თანხა და წახვიდე, თუნდაც იმიტომ, რომ ერთხელ მაინც იგრძნო თავი მსოფლიოს მოქალაქედ და იმ ათი დღის განმავლობაში მიღებული სიამოვნება მთელი ცხოვრება გაგყვეს. ამიტომ, ადგილობრივები სხვადასხვანაირად ვაკეთებთ დანაზოგს, რათა ეს სიამოვნება არ გამოვტოვოთ. ზოგი მუშაობს და ანგარიშიდან მთლიანი ხელფასი არ გამოაქვს, რათა დანაზოგი გააკეთონ. იცით ალბათ, რომ აქაურებს თხილის პლანტაციები გვაქვს და ზოგმა მსხმოიარე თხილი წინასწარ გაყიდა, რომ ფესტივალს დაესწროს. უკრაინელი ლამაზმანების, და არა მხოლოდ მათ მოლოდინში, მეც ასე მოვიქეცი და არც დამნანებია.

- ამბობენ, რომ ბოლო დროს ანაკლიაში თითქმის ყველაფერი გაძვირდა...

- დავიყწოთ იმით, რომ სანამ ფესტივალის ჩატარების დეტალები არ დაზუსტდა, რომ საქართველოში არა ”კაზანტიპი” , არამედ მისი ანალოგი ჩატარდება, ადგილობრივები აპროტესტებდნენ, შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენთან ისეთი რამ არ მოხდება, რაც ზოგადად ახასიათებს ამ ფესტივალს უკრაინაში. რაც შეეხება, ფასის მომატებას, ჯერ არაფერი მსმენია, მაგრამ ამ ფესტივალის მოლოდინში ადგილობრივები თადარიგს იჭერენ: ცდილობენ სახლი უფრო კომფორტულად მოაწყონ, სანიტარული კვანძები მოაწესრიგონ. ამ დრომდე ანაკლიაში სასმელი წყლის პრობლემა გვქონდა და ცოტა ხნის წინ ეს პრობლემაც მოგვარდა. ადგილობრივებს, რომლებიც ტურისტების მისაღებად ემზადებიან, თავისი კაფეები და საკვები ობიექტეები აქვთ, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. საკმაოდ მაღალი კონკურენცია იქნება, ყველა შეეცდება ადგილობრივი კერძებით თავი მოაწონოს დამსვენებელს და თავის მუდმივ კლიენტად აქციოს.

- სასტუმროების ფასი ცნობილია?..

- სხვადასხვა ფასია, - სასტუმრო ”ანაკლიაში”, ერთი ნომრის ფასი 110 ლარიდან იწყებოდა, მაგრამ ზღვის სეზონზე, როგორც წესი, უფრო ძვირდება. წელს ალბათ, პირველად უმასპინძლებს ტურისტებს სასტუმრო-რესტორანი ”ანაკლია”. ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს სასტურმო ”ოქროს საწმისი”, რომლის სახურავის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ასე რომ, ანაკლიას, ორწლიანი პაუზის შემდეგ, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა, რაც განმუხურზეც აისახა, რადგან როგორც ამბობენ, ტურისტების ნაკადი იქაც გადანაწილდება. მთავარია, უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს.

ლალი პაპასკირი

მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე: Ukrainian beauties in Georgia - Anaklia prepares for Music Project “Gamarjoba”