„ბიზნესის შენიშვნა გავითვალისწინეთ და საპენსიო სისტემაში შენატანების დაგროვება მომავალი წლიდან დაიწყება"

საპენსიო სისტემაში შენატანების აგროვება მომავალი წლიდან დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გაგუამ განმარტა, ამ შემთხვევაში ბიზნესის შენიშვნა გაითვალისწინეს.„საპენსიო სისტემა მესამე კვარტალში ამოქმედდება. შეიქმნება საპენსიო სააგენტო. უშუალოდ შენატანების აგროვების თემა იწყება მომავალი წლიდან, რაც ვფიქრობთ, საკმაოდ ოპტიმალური გადაწყვეტაა იმ თვალსაზრისით, რომ წლის დასაწყისში ყოველთვის უფრო სწორი პერიოდია გადახდის მექანიზმების ასამუშავებლად. მათ შორის ხშირად ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომენტარი ბიზნესების მხრიდან, რომ მათთვის სჯობს წლის დახურვა მოხდეს და ახალი წლიდან ახალი წესი შევიდეს მათ საქმიანობაში. ეს იყო მათი შენიშვნა და ეს გავითვალისწინეთ“, - აღნიშნა გაგუამ.

რაც შეეხება საპენსიო სისტემაში ემიგრანტების ნაწილს, როგორც გაგუა აცხადებს, მათ შენატანების გაკეთება შეეძლებათ მეორე, საკუთარი შენატანების სვეტში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი ახლა შენატანებს ახორციელებენ უცხოეთის საპენსიო სისტემებში, მათ თანხის გადმოტანა საქართველოშიც შეეძლებათ.

„ბუნებრივია, ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ამ კვლევას. მათი ძალიან ბევრი შენიშვნა არის ისეთი, რაც ჩვენს მიერ გათვალისწინებულია, ან საპენსიო სისტემის პროცესში ეტაპობრივად უნდა დაიხვეწოს. მათ შორის, ჩვენც გვქონდა მსჯელობა და ვთვლით, რომ მომავალში სისტემის განვითარებასთან ერთად უნდა გაძლიერდეს და ამ მიმართულებით წავიდეს. რაც შეეხება პირებს, რომლებმაც საქართველო დატოვეს, ისინი რეალურად არ ახორციელებენ შენატანებს, ეს არის კლასიკური მეორე სვეტი, რომელიც დაფუძნებულია საკუთარ შენატანებზე. პირი, როდესაც შენატანს ვერ ახორციელებს, სხვა ვერ განახორციელებს მის მაგივრად შენატანს. თუმცა, ჩვენ ვამბობთ, რომ პირველი საბაზისო სვეტი ყველასთვის დარჩება და გაძლიერდება და მათ აღნიშნულ სვეტზე ხელმისაწვდომობა ექნებათ. არიან პიროვნებები, რომლებსაც შენატანები უცხოეთის საპენსიო სისტემაში შეაქვთ, თუმცა, მათ შესაძლებლობა ექნებათ, იმ ქვეყნის დატოვების შემდეგ გადმოიტანონ ეს შენატანები საქართველოში, თუ ისინი აქ დაბრუდებიან. ჩვენ გვქონდა მსჯელობა, რომ შესაძლოა ამ საკითხს დავუბრუნდეთ, რომ მათ ამის შესაძლებლობა მივცეთ“, - განაცხადა გაგუამ.