კორპორაცია Apple-მა მისი ყოფილი თანამშრომელი გასაიდუმლოებული პროექტის მოპარვაში დაადანაშაულა, რომელიც უპილოტო ავტომობილებს ეხებოდა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჩინელი ინჟინერი სიაოლან ჩჟანი 7 ივლისს სან-ხოსეს საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთში გამგზავრებამდე დააკავეს. მან კომპანია მიმდინარე წლის აპრილში დატოვა იმ მოტივით, რომ აპირებდა მუშაობის გაგრძელებას გუანჩჟოუში, კომპანია Xiaopeng Motors-ში.
ამერიკულმა კომპანიამ კი ეჭვი მიიტანა მონაცემთა მოპარვაზე ქსელში მისი გაზრდილი აქტივობის და გათავისუფლების შემდეგ ოფისში გახშირებული ვიზიტების გამო.
FBI-ის გამოკითხვაზე სიაოლან ჩანმა აღიარა, რომ აღნიშნული პროექტის მასალები გადმოაკოპირა საკუთარი ცოლის ნოუთბუქში. კომპანია Xiaopeng Motors-ის წარმომადგენელმა კი Bloomberg-ს განუცხადა, რომ ეს კაცი მათ საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა და უმალვე გაათავისუფლეს, როცა გაიგეს, რომ საქმეს აშშ-ის სამართალდაცავი ორგანოები იძიებდნენ.
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-წლიანი პატიმრობა და 250 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
კოკა კვირკველია