შსს-მ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა

შსს-მ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, აყვანილია მე-8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი რამაზ პავლიაშვილი. 

”გამოძიებამ დაადგინა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი რამაზ პავლიაშვილი ამავე დაწესებულების პატიმარ გ.დ-ს დაჰპირდა, რომ დახმარებას გაუწევდა პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაში, რისთვისაც მან მოითხოვა და აიღო 1000 აშშ დოლარი", - აცხადებენ სამინისტროში.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.