მაიკ პენსი: არაბალანსირებული ვაჭრობის დრო წარსულს ჩაბარდა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთთან და სხვა პარტნიორებთან მიმართებით მკაცრი პოზიცია დაიკავა და აპირებს მათი ბაზრების გახსნას ამერიკული პროდუქციისთვის. ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.

„პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ჩვენ წინ აღვუდექით ქვეყნებს, რომლებსაც ძალიან დიდი ხანი ჰქონდათ შეუფერხებელი წვდომა ამერიკულ ბაზარზე, თუმცა არ უზრუნველყოფდნენ მსგავსი წვდომით ამერიკელებისთვის საკუთარ ბაზრებს“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამ ქვეყნებს და განსაკუთრებით ჩინეთს გაეგზავნა მკაფიო გზავნილი, რომ არაბალანსირებული სავაჭრო ურთიერთობები წარსულს ჩაბარდა.

შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა 15 ივნისს განაცხადა, რომ ჩინეთის მხრიდან ინტელექტუალური საკუთრების „ქურდობის“ და „არასამართლიანი“ სავაჭრო პრაქტიკის გამო ვაშინგტონმა პეკინის წინააღმდეგ 6 ივლისიდან აამოქმედა 25%-იანი გადასახადის პირველი ეტაპი, რომელიც 34 მლრდ-ის პროდუქციას შეეხო, მეორე ეტაპი 16 ივლისიდან ამოქმედდება. მთლიანად კი 25%-იანი გადასახადი 50 მლრდ-ის ოდენობის პროდუქციაზე გავრცელდება. ვაშინგტონში ასევე აცხადებენ, რომ მათ მზად აქვთ დამატებით 200 მილიარდის ოდენობის საქონლის სია, რომელზეც ასევე იგეგმება ახალი ტარიფის ამოქმედება 10%-ის ოდენობით. ჩინეთმა კი ვაშინგტონის ამ ქმედებებს სარკისებურად უპასუხა.

კოკა კვირკველია