თბილისში სამშენებლო რეგულაციები გამკაცრდება - რა ცვლილებებს გეგმავს მერია

სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრება იგეგმება.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რეგულაციები გამკაცრდება მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებისა და საშენი მასალების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.

„თბილისში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ჰაერის მტვრით დაბინძურება. ამ მიმართულებით ძირითადად საუბარია, მშენებლობისგან გამოწვეულ და გრუნტის მტვერზე. ამიტომ მგონია, რომ უნდა გავმაკაცროთ რეგულაციები, რომელიც მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებასა და სამშენებლო მასალების სველი მეთოდით დამუშავებას ეხება. ამგვარი სამუშაოების ჩატარება სველი მეთოდით უნდა მოხდეს. გარდა ამისა, უნდა გამკაცრდეს რეგულაციები სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებითაც. ხშირია შემთხვევები როდესაც დიდი ავტომობილები საშენი მასალებით ყოველგვარი დამცავი საშუალებების გარეშე მოძრაობენ, რაც ქალაქის დაბინძურებასა და დამტვერიანებას იწვევს. ეს კი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, მოადგილეებს ვთხოვ, რომ დავამუშავოთ შესაბამის კანონებში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი და პარლამენტს წარვუდგინოთ,“-აღნიშნა კალაძემ.