მსოფლიოს უმსხვილესი რითეილერი ამერიკული კომპანია WalMart იაპონიის ბაზრის დატოვებას აპირებს და არსებით მოლაპარაკებებს აწარმოებს ბანკებთან. ამის შესახებ The Financial Times-ი წერს.
იაპონიის ბაზარი ტრადიციულად ძალიან რთული ბაზარია მსოფლიოს წამყვანი სავაჭრო კომპანიებისთვის. როგორც ცნობილია, იქ დარჩენაზე უარი განაცხადეს Tesco-მ და Carrefour-მა, რომლებმაც სწორი სტარტეგია ვერ განსაზღვრეს. WalMart-ი კი იაპონიაში 2002 წლიდან არის წარმოდგენილი, თუმცა მისმა სუპერმარკეტების ქსელმა Seiyu-მ ხელშესახებ წარმატებებს ვერ მიაღწია.
მიმდინარე წლის იანვარში კომპანიამ თანამშრომლობის შესახებ გამოაცხადა უმსხვილეს იაპონურ ინტერნეტით ვაჭრობის კომპანია Rakuten-თან, რათა გაემყარებინა საკუთარი პოზიციები კონკურენტ Amazon.com-თან.
ცნობისათვის, აპრილში WalMart-მა გააერთიანა ბრიტანული აქტივები (სუპერმარკეტების ქსელი Asda) კომპანიასთან J Sainsbury, ხოლო ივნისში გაყიდა საკონტროლო პაკეტი ბრაზილიურ ქვედანაყოფში. ამასთან, კომპანია გეგმავს კონკურენცია გაუწიოს Amazon-ს ინდოეთის ბაზარზე, შედეგად კი გეგმავს 16 მილიარდის ინვესტირებას კომპანიაში Flipkart.
კოკა კვირკველია