გიორგი კვირიკაშვილს "საქსტატთან" კითხვები აქვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვიცე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის 23 ათასით შემცირების შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით, "საქსტატთან" გარკვეული კითხვები აქვს.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აინტერესებს, რამდენად დაფარა "საქსტატმა" ის ეკონომიკური აქტიურობა, რომელიც არსებობს.

"გასაკვირია ჩემთვის ამ ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნება, რადგან რიგი მიმართულებით ძალიან სერიოზული აქტივობა არსებობს. ვერ გეტყვით, შემცირებულია თუ არა სამუშაოს რაოდენობა, სტატისტიკის დეპარტამენტს, ალბათ, უნდა დავუჯეროთ, მაგრამ რა მეთოდოლოგიით დაითვალეს მათ მონაცემები და მოხდა თუ არა დაფარვა მთელი იმ ეკონომიკური აქტიურობის, რომელიც არსებობს, ეს ჩემთვის კითხვის ნიშნებს მოიცავს.

ბევრი მიმართულებით არის ძალიან სერიოზული გამოცოცხლება. არც ერთი დიდი პროექტი გაჩერებული არ არის, გარდა თბილისის შემოვლითი პროექტისა, სადაც დამატებითი ანალიზი კეთდება. უამრავი ახალი პროექტია დაწყებული. მარტო თბილისში მიმდინარეობს შვიდი დიდი სასტუმროს მშენებლობა, პატარებზე საუბარი აღარ მაქვს. ბათუმში ასევე ოთხი ბრენდი სასტუმროს მშენებლობა ხდება, გუდაურში არის გაზრდილი აქტივობა. ყაზბეგში მიმდინარეობს ახალი პროექტი, რომელიც მას აქცევს ზამთრის კურორტად და შესაბამისად, იქ ზამთრის კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარება ხდება. ბაკურიანში არის ფრანგების მიერ დამტკიცებული ახალი პროექტი წარმოდგენილი და მიმდებარე სოფლებისა და ახალი ტრასების განვითარებაზეა საუბარი. ძალიან ბევრი მიმართულებითაა მომატებული აქტივობა და დამერწმუნეთ, რომ ტენდენცია იქნება მხოლოდ და მხოლოდ დადებითი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.