ელექტრომობილები სწრაფად იმკვიდრებენ ადგილს ადამიანის ცხოვრებაში. ამ პროცესს ბევრი სირთულე ახლავს და იმავდროულად, ბევრ ახალ პრობლემას წარმოქმნის, რომელთა შორისაც, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ელემენტების ბლოკების უტილიზაციას უკავშირდება.
ამის პასუხად, „ტესლა“ ენერგიის შესანახ კარადებს ამზადებს, რომლებიც საცხოვრებლებისთვის არის განკუთვნილი. ახლახანს კი ამერიკული კომპანია მსგავსი პრინციპით, სამხრეთ ავსტრალიას პიკურ პერიოდებში დეფიციტის აღმოფხვრაში დაეხმარა.
„ნისანმა“ კი ელექტრომობილის ელემენტების შესაძლებლობათა სხვაგვარი დემონსტრირება შემოგვთავაზა. მისმა სპეციალისტებმა ამსტერდამში, იოჰან კროიფის სახელობის სტადიონი, ლითიუმ-იონური ელემენტების სისტემით აღჭურვეს, რომელთა ჯამური ტევადობაც, ელექტრომობილ „ნისან ლიფის“ 148 ეგზემპლარის ტევადობის ექვივალენტურია.
სისტემას სულ 3 მეგავატი ელექტრო ენერგიის შენახვა შეუძლია. ეს საკმარისია იმისათვის, რომ სრულად გაანათოს სტადიონი და მისი ინფრასტრუქტურა. უფრო მეტიც, სხვადასხვა მიზეზით ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, სისტემა ახლომდებარე რამდენიმე ათას საცხოვრებელს სრულად დააკმაყოფილებს. ეს არის ენერგიის შესანახი ყველაზე დიდი სისტემა ევროპაში.
„ენერგიის შესანახი ამ სისტემის წყალობით, სტადიონის საჭიროებისთვის, ამ ელექტროენერგიას უფრო ოპტიმალურად და ეფექტურად გამოვიყენებთ. ამ სისტემაში იმდენი ენერგიის დაგროვებაა შესაძლებელი, რაც სტადიონის მოთხოვნას მაშინაც დააკმაყოფილებს, თუ სრული გათიშვა მოხდება“, - ამბობს სტადიონის დირექტორი ჰენკ ვან რაანი.
ეს არის ჰოლანდიის ეროვნული გუნდის და კლუბ „AFC აიაქსის“ საშინაო არენა. გარდა ამისა, მასზევე ხშირად კონცერტები, ბიზნეს შეხვედრები და სხვა ღონისძიებები იმართება. წლიურად მას საშუალოდ ორი მილიონი ადამიანი სტუმრობს.