კომპანია IBERIA INVESTMENT-ის გაკოტრებულად გამოცხადდა და რეგისტრაცია გაუუქმდა.როგორც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, სასამართლოს IBERIA INVESTMENT-ის სახელით განცხადებით მიმართა დავით ტუკვაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოება წლების მანძილზე არ ფუნქციონირებს, მას როგორც სამეწარმეო სუბიექტს კრედიტორთა ვადამოსული დავალიანებების გადახდის უნარი არ გააჩნია.
განცხადების თანახმად, მოვალეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ – 200,000,000 ლარი და 1 575 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში; სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ კი – 3 096,50 ლარის ოდენობის კრედიტორული დავალიანება ერიცხება.
ამასთან, კომპანიას უძრავ-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშებზე თანხა არ ერიცხება, ასევე არ გააჩნია დებიტორული დავალიანებები. საწარმოს ერიცხება მხოლოდ სალდირებული ზედმეტობა 1 005,23 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენელი განცხადებაში უთითებს, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე – შპს IBERIA INVESTMENT თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რის გამოც ითხოვს გაკოტრებას.
„ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განჩინებით შპს IBERIA INVESTMENT-ს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს IBERIA INVESTMENT-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის,“-აღნიშნულია განჩინებაში.
შესაბამისად, სასამართლოს 29 ივნისის განჩინებით, გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
მეწარმეთა რეესტრის თანახმად, შპს IBERIA INVESTMENT-ი 2011 წელს არის დარეგსტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ვაჟა ჯაშია.