დღეს ჩვენი მოსახლეობის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ წამლების შესყიდვაზე მოდის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.პრემიერმა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში რეგულაციების მოწესრიგებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემოდგომაზე პარლამენტში შევა ახალი ინიცატივა, რომელიც ფარმაცევტულ სექტორში შეღავათებს დააწესებს.
„ჩვენ გვაქვს ეკონომიკაში სექტორები, სადაც გვქონდა ასიმეტრიული რეგულაციები, რომელმაც გამოიწვია უსამართლო თამაშის წესები და ჩვენ ყველა ასეთ სექტორში აღმოვფხვრით ამ უთანასწორობას. ჩვენ მთავრობაზე მივიღეთ გადაწყვეტილება და გავათავისუფლეთ დღგ-სგან ნატურალური რძე, მათ შორის რძის პროდუქტები, რომელიც დამზადდება ნატურალური რძისგან. ამასთან ერთად ჩვენ ვგეგმავთ ანალოგიური მიდგომის გამოყენებას ბიო-წარმოებაზე. შემოდგომაზე შემოვა მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს იგივე მიდგომის გამოყენებას ფარმაცევტულ სექტორში. დღეს ჩვენი მოსახლეობის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მოდის წამლების შესყიდვაზე, ფარმაციაზე და აქედან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეს სექტორი იყოს განვითარებული, იყოს მაღალი კონკურენცია და ამის შედეგი იყოს დაბალი და მისაღები ფასები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე განცხადებით, მომავალში ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში კერძო სექტორის წილი კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს.
„ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წამყვანი როლი დღესაც კერძო სექტორს უჭირავს და მომავალში კერძო სექტორის წილი კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს. ამიტომ ჩვენი მიზანია ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება, რის მისაღწევადაც არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გვაქვს დაგეგმილი. კერძოდ, ხორციელდება დღგ-ს სწრაფი დაბრუნების სისტემა, რომელიც წლის ბოლომდე ავტომატურ რეჟიმში დააბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას, რაც მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს ბიზნესგარემოს. 2018-2020 წლებში მილიარდნახევარ ლარზე მეტი დაუბრუნდება ბიზნესს. 2018 წლის მიმდინარე პერიოდში ბიზნესს უკვე დაუბრუნდა 200 მილიონ ლარზე მეტი. ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით დაწესდება მნიშვნელოვანი შეღავათები“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.