მაია ცქიტიშვილი - მცხეთაში მშენებლობაზე გამოცხადებული მორატორიუმის პირობები იცვლება

მცხეთაში მშენებლობაზე გამოცხადებული მორატორიუმის პირობები იცვლება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გუშინ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, მაია ცქიტიშვილის თქმით, პირობები შეიცვლება იქამდე, ვიდრე არ დამტკიცდება მცხეთის განვითარების გენგეგმა. ცქიტიშვილის ინფორმაციით, გენგეგმის შექმნაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია.

„ნებისმიერი გენგეგმის შემუშავება მოხდება მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, ასევე ექსპერტების. ვეცდებით, რომ უცხოელი ექსპერტებიც ჩავრთოთ ამ პროცესში და განსაკუთრებით როდესაც მცხეთაზე და ამ მემკვიდრეობის დაცვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩართულები იქნებიან იუნესკოს ექსპერტებიც, როგორც საკონკურსო ეტაპზე, ასევე უშუალოდ გენგეგმის მიღება-ჩაბარების და განხილვის დროს. რაც შეეხება მორატორიუმს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მორატორიუმი გამოყენებული იყო იმისთვის, რომ მცხეთა ქაოსური განაშენიანებისგან დაგვეცვა. იუნესკო-ში ორი დელეგაცია იყო ძეგლთა დაცვის სამინისტროსი. შესაბამისად ამის შედეგად იგეგმება მორატორიუმის პირობების შეცვლა. მორატორიუმის პირობები უნდა შეიცვალოს ისე, რომ მცხეთაში ცხოვრება მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული იყოს, ვიდრე გენ გეგმა არ დასრულდება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.