Papa John's-ი სარეკლამო კამპანიაში დამფუძნებლის გამოსახულებიანი ფოტო გამოყენებას წყვეტს

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი პიცერიების ქსელი Papa John's უარს ამბობს საკუთარ სარეკლამო მასალებში ამ ამერიკული კომპანიის დამფუძნებლის ჯონ შნატერის გამოსახულების გამოყენებაზე, რომელმაც კომპანია სკანდალის გამო დატოვა. ამის შესახებ CNN იუწყება.

56 წლის შნატერს კრიტიკის ქარცეცხლი მას შემდეგ დაატყდა თავს, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაისში თანამშრომლებთან ერთ-ერთი დახურული შეხვედრის დროს მან თქვა სიტყვა, რომელიც შავკანიანი წარმომადგენლებისთვის შეურაცხმყოფელად ითვლება. ბიზნესმენმა აღნიშნულის გამო ბოდიში მოიხადა და იძულებული გახდა გათავისუფლებულიყო დაკავებული თანამდებობიდან.

აღნიშნული სკანდალის შემდეგ კომპანიის აქციებზე ფასი 3%-ით შემცირდა, ხოლო ცალკეულმა კომპანიებმა უარი განაცხადეს თანამშრომლობაზე, მათ შორის არის ბეისბოლის კლუბი New York Yankees. ლუისვილის უნივერსიტეტმა კი განაცხადა, რომ შეცვლის საკუთარი სტადიონის სახელწოდებას, რომელიც მანამდე Papa John's-ის საპატივსაცემოდ ეწოდა.

Papa John's-ი ხშირად იყენებდა შნატერის გამოსახულებას საკუთარ სარეკლამო მასალებში. მათ შორის ის იყო გამოსახული იმ მუყაოს ყუთებზეც, რომლითაც კომპანია ახორციელებს პიციის დისტრიბუციას.

კოკა კვირკველია