პრემიერ-მინისტრი მევენახეებს შეხვდა

2013 წლის რთველზე რაჭაში 1000 ტონამდე ალექსანდროული-მუჯურეთული გადამუშავდა, რაც წინა წლების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამბროლაურის რაიონის სოფელ საკეციაში მევენახეებმა მიაწოდეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური გოჩა და ტარიელ ისაკაძეების ვენახში იმყოფებოდა, რომლებმაც ვენახის ფართობი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 1%-ად მიღებული სესხით გაზარდეს.

როგორც მევენახეებმა პრემიერ-მინისტრთან საუბრისას განაცხადეს, მთავრობის მიერ ინიცირებულმა პროგრამებმა დარგის განვითარებისთვის დამატებითი სტიმული შექმნა და მსგავსი ხელშეწყობის პირობებში რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ უპირველეს ყოვლისა, საჭიროა არსებული ვენახების უკეთესი მოვლა და ყურძენზე მაღალი ჩასაბარებელი ფასის შენარჩუნება, რათა გლეხმა სარგებელი მიიღოს.

პრემიერი მევენახეებს დაჰპირდა, რომ მთავრობა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.