ყველაზე მავნებელი ყველი

სახიფათოა თუ არა სახლის პირობებში დამზადებული ყველი - ბოლო პერიოდში ამასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა.

"ამბები.გე" დაინტერესდა, რა დაავადების გამომწვევი შეიძლება აღმოჩნდეს ყველი, თუ ის სათანადო პირობებში არ არის დამზადებული. როგორც საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ანა მიქაძე ამბობს, ყველთან დაკავშირებით საიმედო მდგომარეობა ნამდვილად არ არის.

"წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ათი წლის მანძილზე, ეს სფერო მოუწესრიგებელია. ყველის წარმოება კი არა,  ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია მესაქონლეობა. რით იკვებება საქონელი, ისიც კი პირდაპირ აისახება ყველზე. მოისპო და განადგურდა ისეთი პროფესია, როგორიც არის ვეტერინარი. რამდენიმე სოფელს ერთი ვეტერინარი ჰყავს, რომელსაც აღარაფერი ახსოვს. პროფესიონალი ვეტერინარები სანთლით არიან საძებარი. დღეს ეს ყველაფერი ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. არ ვიცით, რა ჭირს ძროხას, რა ტიპის დაავადებები არსებობს. არ ვიცით, რა საკვებია, ნიადაგი გამოკვლეულია თუ არა, რას ვჭამთ კაცმა არ იცის",-ამბობს ანა მიქაძე. მისივე თქმით, ყველი შეიძლება იყოს დაბინძურებული, ასევე შეიძლება დაავადება, რომლითაც საქონელია დაავადებული, რძეში და შემდეგ ყველშიც გადავიდეს.

"შეიძლება საქონელს არაფერი სჭირდეს, მაგრამ პრევენციისთვის ფერმერმა, გლეხმა ვაქცინა, ანტიბიოტიკი გაუკეთოს. ანტიბოტიკიანი რძე ყველისთვის უვარგისია, რადგან ანტიბიოტიკი გადადის რძიდან ყველში. არ შეიძლება ანტიბიოტიკიანი რძით დამზადებული ყველის საკვებად გამოყენება. ამას არცერთი ფერმერი არ იტყვის, არ გაამხელს, იმიტომ რომ იცის, რომ კონტროლი არ არსებობს, არავინ მას არ შეუმოწმებს არც რძეს და არც ყველს. მაღაზიაში მიიტანს შავ ცელოფანში ჩადებულს, შავ მარილში ამოვლებულს, გაუბედურებულს. მაღაზია მაინც ჩაიბარებს, იმიტომ რომ მომხმარებელი საერთოდ არ არის პრეტენზიული. ქართველ მომხმარებელს ერთი უბედურება სჭირს, კარგი გაგებით, იმდენად უყვარს ყველი, ყველანაირ რისკზე მიდის, ოღონდ ყველი არ მოაკლდეს. ახლა დაიწყეს დაინტერესება - კითხულობენ რაზეა დამზადებული ყველი მაჭიქზე, გაუწყლოებულ კვეთზე თუ პეპსინზე. ჩვენ ყველგან ამაზე ვსაუბრობთ - არის თუ არა რძე გამოკვლეული, რადგან  არ გვაქვს კლასიფიცირებული რძე, არ ვიცით, რა ხარისხის რძე გვაქვს. მომზადების პროცესი უკვე ცალკე ტრაგედიაა. სტანდარტები ყველგან დარღვეულია. რაც შეეხება საწარმოებში დამზადებულ ყველს, უვნებლობის თვალსაზრისით, თუკი ყველა სტანდარტი დაცულია ქარხანაში, საწარმოში, უვნებლობის პრობლემა მოხსნილი გვაქვს", -აცხადებს ანა მიქაძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საერთოდ არ არსებობს ყველის კონტროლის მექანიზმი. 2014 წლის 20 მარტს, საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" ცვლილების პროექტი. კანონპროექტის ბოლო ვერსიით, კანონში შედიოდა არსებითი ცვლილება, რომელიც სურსათის უვნებლობას საქართველოში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა - კერძოდ, მკაცრდებოდა და ფართოვდებოდა სურსათის უვნებლობის კონტროლი. ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ სურსათის უვნებლობის კონტროლს მოეცვა არა მხოლოდ მსხვილი ქარხნები, რესტორნები და სუპერმარკეტები, არამედ სურსათის კუსტარული წარმოებაც, რომელიც რიგ სფეროში საქართველოს ბაზრის ძირითადი მიმწოდებელია. "იმერული" ყველი და "სოფლის" მაწონი მთლიანად კუსტარულად იწარმოება. როგორც აღმოჩნდა, პარლამენტში წარდგენილ ვერსიაში ეს მიდგომა შეცვლილია და კუსტარული წარმოების კონტროლი გადავადებულია 2020 წლამდე. მაშინ, როდესაც ბევრ სხვა ქვეყანაში, როგორც ყველთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული რეგულაციები მოქმედებს.

ნუცა ახალკაცი