ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთ განყოფილების უფროსი ოფიცერი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომლის ფუნქციებში შედიოდა სატრანსპორტო საშუალებების შეჩერების, მათი ვიზუალური დათვალიერების და საქონლის თანმხლები საბუთების გადამოწმების გზით საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ერთ-ერთ მოქალაქეს მფარველობას დაპირდა. ბრალდებულმა, პირს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ქალაქ თბილისის გარკვეულ უბანში, მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დღე - ღამის რა მონაკვეთში არ ხორციელდებოდა კონტროლი, რაც საშუალებას მისცემდა მას, უპრობლემოდ მოეხდინა საქონლის ტრანსპორტირება შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე.

აღნიშნული დახმარების სანაცვლოდ, ბრალდებულმა მოქალაქეს ქრთამის სახით 500 ლარი გამოართვა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.