რატომ არ მიიღეს ავიაკომპანიებმა შიდა ფრენებზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა

საქართველოში შიდა ფრენებს ისევ „აკ-ეარ ჯორჯია“ განახორციელებს. კომპანია ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით იმ დრომდე იფრენს, ვიდრე ახალი ტენდერი არ გამოცხადდება და გამარჯვებული არ გამოვლინდება.ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ეაროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, როდის გამოცხადდება ახალი ტენდეტერი და შეიცვლება თუ არა პირობები, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

თავად ავიაკომპანიების ნაწილი კი აცხადებს, რომ ტენდერის პირობებს ვერ აკმაყოფილებდნენ, შესაბამისად, განაცხადი არ გააკეთეს, თუმცა მონაწილეობის სურვილი აქვთ.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ შიდა ფრენებზე ტენდერი ივლისში გამოცხადა. განაცხადების მიღება 9-დან დაიწყო და 12 ივლისს დასრულდა. თუმცა, არცერთმა კომპანიამ განაცხადი არ წარადგინა.

საქმე ეხება მომავალი 4 წლის განმავლობაში შიდა ავიარეისების სუბსიდირებას, რაზეც უწყება 49,67 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ტენდერის შედეგად კი უნდა შერჩეულიყო ის კომპანია, რომელიც უწყების მიერ განსაზღვრულ მიმართულებებზე, მის მიერვე დადგენილი გრაფიკითა და პირობებით მგზავრთა საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანას მოემსახურებოდა.

ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას მგზავრები უნდა გადაეყვანა ერთი არანაკლებ 15-ადგილიანი და ერთი არანაკლებ 30-ადგილიანი საჰაერო ხომალდით. სულ კი 4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით 2248 რეისი, საშუალო ზომის საჰაერო ხომალდით კი 2487 რეისი უნდა შეასრულოს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეისები უნდა შესრულებულიყო მესტია - ქუთაისი - მესტია; ნატახტარი-მესტია-ნატახტარი; ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი და თბილისი-ბათუმი -თბილისის მიმართულებით. ავიაბილეთების რეალიზაცია კი შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ფასით უნდა განხორციელებულიყო.

აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის ტენდერი როდის გამოცხადდება და პირობები შეიცვლება თუ არა.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ სანამ ახალი კომპანია გამოვლინდება, მოვალეობის შესრულება ისევ წინა კონტრაქტორ ავიაკომპანიას, ანუ „აკ-ეარ ჯორჯიას“ მოუწევს.

მანამდე შიდაფრენებს კიდევ რამდენიმე კომპანია ახორციელებდა. მათ შორის იყო „ჯორჯიან ეარვეისი“, რომელმაც შიდაფრენებზე მოთხოვნის სიმცირის არგუმენტით, ფრენები შეწყვიტა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ავიაკომპანიებმა რატომ არ გამოხატეს ინტერესი შიდა ფრენებზე გამოცხადებულ ტენდერზე, რისთვსიაც პირველ რიგში „აკ-ეარ-ჯორჯიას“ რამდენჯერმე დაუკავშრდა, თუმცა მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.

„ჯორჯიან ეარვეისში“ კი აცხადებენ, რომ მათ კომპანიაში არსებული თვითმფრინავები ტენდერის პირობებს არ აკმაყოფილებდნენ, შესაბამისად, თუ მათთვის მისაღები პირობები დასახელდა, ახალ ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ.

„შიდა ფრენებზე გამოცხადებულ ტენდერში იმიტომ არ მივიღეთ მონაწილეობა, რომ ტენდერის პირობები ითვალისწინებდა ფრენების შესრულებას არამხოლოდ თბილისი-ბათუმის მიმართულებით, არამედ კიდევ რამდენიმე, მათ შორის მესტიის მიმართულებით და შესაბამისი საჰაერო ხომალდების ყოლას. კერძოდ, 30 ადგილამდე. ჩვენი საჰაერო ხომალდის ტიპები, რაც ამ წუთას ექსპლუატაციაში გაგვაჩნია, იწყება 50 ადგილიდან, მაგაზე უფრო ნაკლები ტევადობის თვითმფრინავი „ჯორჯიან ეარვეისს“ არ ჰყავს. ჩვენ ამ ტენდერში მონაწილეობა შეგვეძლო მხოლოდ იმ პირობით, თუ საუბარი იქნებოდა მხოლოდ ბათუმი-თბილისის რეისზე და მხოლოდ 50-დან ზევით ტევადობის საჰაერო ჰომალდით. შესაბამისად, თუ მისაღები პირობები დასახელდა, რა თქმა უნდა, „ჯორჯიან ეარვეისს“ სურვილი აქვს, რომ მონაწილეობა მიიღოს ტენდერში“,-აცხადებს „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი გივი დავითაშვილი.

ნინი ქეთელაური