თბილისში ავტობუსების შესყიდვის სურვილი წინა ტენდერში დისკვალიფიცირებულმა კომპანიამ გამოთქვა

თბილისისთვის ახალი ავტობუსების შეძენის სურვილი ისევ ერთმა კომპანიამ გამოთქვა.თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა კვლავ კომპანია - „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ მიიღო. შეიძენს თუ არა თბილისითვის ახალ ავტობუსებს წინა ტენდერში დისკვალიფიცირებული „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“, უახლოეს მომავალში გაირკვევა.

ცნობისათვის, თბილისის მერიამ მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი, აუქციონის გარეშე თავიდან 2018 წლის 24 მაისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2 ივნისს დაიწყო და 5 ივნისს დასრულდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია 90 ავტობუსის შესყიდვას 45 მილიონ ლარად გეგმავდა. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 180 ათასი ლარი იყო. გარანტიის ოდენობა 45 000 ლარი, ხოლო ვადა 160 დღე. თუმცა მაშინ ტენდერი ჩავარდა. ივნისშივე თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტერნედრი მეორედ გამოაცხადა, თუმცა ამჯერადაც ტენდერი ფაქტობრივად, ჩავარდა. ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო ტენდერიდან დისკვალიფიცირდა.

მორიგ, მესამე შესყიდვაზე ტენდერი 5 ივლისს გამოაცხადა, საბუთების მირება 13 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდა. ამჯერადაც, ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ მიიღო. დააკმაყოფილებს თუ არა სატენდერო მოთხოვნებს დისკვალიფიცირებული კომპანია, უახლოეს მომავალში გაირკვევა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, „პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ყველა ავტობუსი უნდა იყოს ერთი მარკის და ერთი მოდელის. ავტობუსების გამოშვების თარიღი უნდა იყოს არანაკლებ 2018 წელი.

ამასთან, ავტობუსი უნდა იყოს მარცხენა საჭიანი, გამაძლიერებლით აღჭურვილი. ავტობუსის ჭერი და გვერდითა კედლები უნდა იყოს თბო-იზოლირებული. მარჯვენა მხრიდან უნდა გააჩნდეს 3 ასასვლელი. ასასვლელებში არ უნდა იყოს საფეხურები (დასაშვებია მესამე კარებთან გააჩნდეს ერთი საფეხური), ავტობუსის გადაადგილების რეჟიმში უნდა ხდებოდეს ყველა კარების ბლოკირება. კარები უნდა იღებოდეს ავტობუსის მხოლოდ გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის დროს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დასაჯდომები უნდა იყოს ანატომიური ტიპის. არ უნდა ჰქონდეს უხეში კიდეები. სკამების ჩარჩოები დამზადებული უნდა იყოს გალვანიზებული ფოლადის ან მსგავსი გამძლე მასალისაგან. დასაჯდომები და საზურგეები დამზადებული უნდა იყოს პლასტმასისგან, მიმაგრებული ჩარჩოზე. დასაჯდომების საფარი დამზადებული უნდა იყოს მასალისგან, რომელიც არის რბილი, ფორმა შენარჩუნებადი, წყალგამძლე, მტვერმედეგი, სითბოს შენარჩუნებადი, დაკაწვრისგან გაძლებადი და გამძლე. დასაჯდომების და გადასაფარებლების დიზაინი და ფერი შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველთან. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საბუთი რომ დასაჯდომების მწარმოებელი არის საჯარო ტრანსპორტის დასაჯდომების მწარმოებელი. პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მტკიცებულება დასაჯდომების ხარისხის შესახებ, თან დაურთოს დეტალური ინფორმაცია დასაჯდომების

მახასიათებლებზე.

ავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთა განყოფილების ინტეგრირებული გათბობა, კონდინცირება და ვენტილაცია. მძღოლის კაბინისა და მგზავრების განყოფილების გათბობა, კონდიცირება და ვენტილაცია უნდა ხდებოდეს განცალკევებულად. ავტობუსის კონდინცირება გათვლილი უნდა იყოს თბილისის კლიმატურ პირობებზე (- 15˚C - +45˚C). მძღოლის კაბინასა და მგზავრთა განყოფილებას უნდა გააჩნდეს სტანდარტული გათბობა სულ მცირე ძრავის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს ავტობუსის მთლიან შიდა სივრცეში თბილი ჰაერის თანაბარ გადანაწილებას.

ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სიტემით, რომლის გამოსახულების გამოტანა უნდა ხდებოდეს მძღოლთან არსებულ დისპლეიზე (მონიტორზე). ერთი კამერა მიმართული უნდა იყოს წინ, გზისკენ, მეორე - მძღოლისკენ, დანარჩენი კამერები უნდა იძლეოდეს ავტობუსის მთლიანი შიდა სივრცის მონიტორინგის შესაძლებლობას.

ავტობუსს უნდა გააჩნდეს გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება ავტობუსი ფერი შემსყიდველთან შეთანხმებით“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.