აშშ საქართველოს 5 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველოსთვის დამატებით 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას დაჰპირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

"აშშ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ძლიერი მხარდმჭერია, ასევე, მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს უსაფრთხოება და წინააღმდეგობა გაუწიოს გარე ზეწოლას. ამ მიზნების მხარდასაჭერად, ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან 7 ივნისს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა დამატებით 5 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების შესახებ. აღნიშნული თანხით დახმარება გაეწევა ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბორდერიზაციით დაზარალდნენ, ასევე, დახმარება მოხმარდება რეგიონში დამოუკიდებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ეროვნულ უსაფრთხოებას, ეს დაეხმარება საქართველოს მთავრობას, გაატაროს რეფორმები სამართლებრივი ინსტიტუტების გასაძლიერებლად", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, დახმარების ნაწილი ასევე მოხმარდება ანტიდისკრიმინაციული კანონის განხორციელების მონიტორინგს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დახმარებას წინ ჯონ კერის მიერ გამოცხადებული 1,5-მილიონიანი დახმარება უძღოდა, რომლის შესახებაც მან საქართველოს-ამერიკის სტატეგიული პარტნიორიობის შეხვედრაზე 26 თებერვალს განაცხადა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, საერთო ჯამში აშშ-ს მიმდინარე წელს საქართველოსთვის გაწეული აქვს 65 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება.