5 მლნ დოლარის მიზნობრიობაზე კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან მიმდინარე კვირიდან დაიწყება

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აშშ-ის მხრიდან საქართველოს დახმარების მიზნით 5 მილიონი დოლარის გამოყოფის ინიციატივას მიესალმება.

ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს გუშინ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ახალ ინიციატივას, რომელიც გაჟღერდა საქართველოს პრეზიდენტისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ. მოლაპარაკებების პროცესს, კონკრეტულად რაში შეიძლება დაიხარჯოს ეს თანხა თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით, დავიწყებთ მომავალ კვირას ამერიკულ მხარესთან და კონკრეტული გადაწყვეტილებები გამოცხადდება მას შემდეგ, რაც უკვე კონგრესი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველოსთვის დამატებით 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას დაჰპირდა. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.