სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული გადამზადების საკითხზე კონფერენცია გაიმართება

სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული გადამზადებისა და ექსტენციის ახალი ეროვნული კონცეფციის საკითხებზე დღეს, სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერიაში" ორდღიანი კონფერენცია გაიხსნება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მკვლევარები და ფერმერები.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

გაეროს განვითარების პროგრამის თანახმად,  კონფერენციას გახსნიან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონული დირექტორი რუდოლფ შოხი და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი.

განათლებისა და გადამზადების თანამედროვე სისტემების დანერგვა გაზრდის საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამ საკითხებში საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამასთან და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან.