გაყინული ფრინველის ხორცი სავარაუდოდ, 5%-ით გაძვირდება. ამის მიზეზი „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებებია, რომელიც 1-ლი აგვიტოდან ამოქმედდება.
აღნიშნული რეგულაციების მიხედვით, გაყინული ფრინველის ხორცი შეფუთვის გარეშე ვეღარ გაიყიდება. ცვლილება არ ეხება ფრინველის ნედლ ხორცხს.
როგორც იმპორტიორები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ფრინველის ხორცს ადგილზევე შეფუთულს იყიდიან და ისე შემოიტანენ, რაც მათთვის სირთულეს არ წარმოადგენს. თუმცა, აღნიშნავენ, რომ შეფუთული პროდუქცია შედარებით ძვირია, ამიტომ ადგილობრივ ბაზარზე ქათმის ფასიც მოიმატებს.
ცნობისთვის, მთავრობის 14 მაისის დადგენილების თანახმად, საცალო ვაჭრობაში (დახლზე) განთავსებული გაყინული ფრინველის ერთი შეფუთვა უნდა მოიცავდეს ფრინველის ერთ ტანხორცს ან ერთი სახეობის ფრინველის, მაქსიმუმ, ერთი ტანხორცის შესაბამის ნაწილებს. ამასთან, შეფუთვაზე უნდა განთავსდეს ეტიკეტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ხორცის იმპორტიორი კომპანია „ჯი ენ ემ-ის“ დამფუძნებელი, მიხეილ დათიკაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშული რეგულაციის შემდეგ, ფრინველის ხორცს ადგილზევე შეფუთულს შეიძენს და ისე შემოიტანს. შესაბამისად, ეს სირთულეს არ წარმოადგენს. თუმცა აღნიშნავს, რომ ეს პროდუქციის ხარჯს ზრდის, შესაბამისად, სარეალიზაციო ფასიც მოიმატებს.
„ჩვენ ძირითადად შემოგვაქვს საქონლის ხორცი. რამდენჯერმე შემოვიტანეთ ქათმის ბარკალი. თუმცა მომავალში ისევ ვაპირებთ, რომ შემოვიტანოთ. ადგილზევე უკვე შეფუთულს ვიყიდით და იმპორტს ისე განვახორციელებთ. ეს რა თქმა უნდა, გაძვირებას გამოიწვევს. რადგან შეუფუთავის შემოტანა უფრო ნაკლებ ხარჯიანი იყო. ალბათ, დაახლოებით, 5%-ით გაძვირდება“,-აცხადებს მიხეილ დათიკაშილი.
სადისტრიბუციო კომპანიებში კი აცხადებენ, რომ ფრინველის ხორცს თავადაც იმ იმპორტიორებისგან შეიძენენ, ვისაც უკვე შეფუთული შემოაქვს.
„თუ შეუფუთავის გაყიდვა აიკრძალება, მაშინ იმ იმპორტიორებისგან შევიძენთ, რომელსაც უკვე შეფუთული შემოაქვს. ჩვენთვის პროცედურულად არაფერი შეიცვლება. ზოგადად, ქათმის ხორცი მოსახლეობას უყვარს და შეფუთული გაიყიდება თუ შეუფუთავი, ჩვენთვის პრინციპულად არაფერი იცვლება. თუმცა, რა თქმა უნდა, შეუფუთავი უფრო იაფია. ზოგადად, ასე ხდება, ჯერ ძვირდება, მერე სტაბილურდება, მოსახლეობაც იძულებული ხდება, ფასს მიეჩვიოს და მაინც იყიდოს“, - აცხადებს „გეო ფუდის“ დირექტრის მოადგილე გიორგი ჯოხაძე.
დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი ივა ჭყონია ამბობს, რომ რეალიზაცია იმ კომპანიებს გაეზრდება, რომლებსაც ფრინველის ხორცი ისედაც შეფუთული შემოჰქონდათ. ამასთან, აღნიშნავს, რომ რეგულაციების შემდეგ პროდუქციის გაძვირება გარდაუვალი იქნება.
„უშუალოდ ჩვენ ვისთანაც გვაქვს კონტრაქტი, მათთვის დადებითი ცვლილებაა, რადგან პირდაპირ შეფუთულს ყიდულობს და შემოაქვს. ამიტომ, მისთვის პირიქით, რეალიზაცია გაიზრდება. ზოგადად, ეს როგორ აისახება ბაზარზე, მეორე თემაა, რადგან ფასები გაიზრდება. იმპორტიორებს მთლიანად გადაწყობა მოუწვეთ და ფასის მომატება უბრალოდ გარდაუვალი იქნება“,-აცხადებს ივა ჭყონია.