საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იტალიას ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს. ამის შესახებ ბახტაძემ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმზე ისაუბრა.
„34 ქვეყანასთან ორმხრივი შეთანხმებაა ინვესტიციების დაცვის და ხელშეწყობის შესახებ. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომ საქართველო-იტალიას შორის დავიწყოთ ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების თაობაზე კონსულტაციები. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო წავახალისოთ სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა ბახტაძემ.
მანვე იტალიური კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობის განხილვისკენ მოუწოდა.
„ჩვენი რეგიონი არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი. ჩვენ რეგიონში არსებობს მზარდი მოთხოვნა ევროპულ, მაღალხარისხიან პროდუქციაზე, მათ შორის პროდუქციაზე, რომელსაც იტალიური კომპანიები აწარმოებენ. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ, კიდევ უფრო აქტიურად განიხილოთ თქვენი ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა საქართველოში“, - განაცხადა ბახტაძემ.