გეოდეზისტების ჯგუფი დუშეთის რაიონში საველე სამუშაოებს აწარმოებს

საჯარო რეესტრის გეოდეზისტთა ჯგუფი დუშეთის რაიონში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიაზე საველე სამუშაოებს აწარმოებს.

გასულ კვირაში, ძლიერი წვიმის გამო, სერიოზული ზიანი მიადგა დუშეთის მუნიციპალიტეტს. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, სავარგულები, დაიხოცა პირუტყვი, განადგურდა მოსავალი.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ზარალის დასათვლელად შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელშიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოც ჩაერთო. სააგენტოს გეოდეზისტების ჯგუფი GPS ხელსაწყოების საშუალებით, სტიქიის ადგილზე საველე სამუშაოებს აწარმოებენ.

საველე ჯგუფი ზარალის დამთვლელ კომისიას სივრცით ინფორმაციას მიაწვდის, რაც კომისიას დაეხმარება დაზიანებული ფართობის, გასაცემი კომპენსაციის ოდენობის და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების მოცულობის განსაზღვრაში.