ქართველების მხრიდან საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა იზრდება. როგორც კომპანიის Propertyabroad საქართველოს წარმომადგენლობაში „ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, ყველაზე მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, თურქეთსა და ამერიკაზე.
კომპანიაში აცხადებენ, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად ტენდენცია შეიცვალა და ბინის შეძენის მსურველები უპირატესობას არა დიდ, არამედ პატარა ქალაქებს და მცირე ზომის დასახლებულ პუნქტებს ანიჭებენ.
Propertyabroad-ის ინფორმაციით, საზღვარგარეთ უძრავი ქონებისადმი გამოთქმული და რეალურად გამოჩენილი ინტერესი ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება - თუ თეორიულად ყველაზე მეტი ინტერესი დასავლეთ ევროპული ქვეყნების მიმართ ჩნდება (გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი), მსყიდველუნარიანობის და შეძენის პროცედურების სიმარტივის გათვალისწინებით უფრო მეტად რეალიზდება უძრავი ქონების ობიექტები შედარებით დაბალფასიან სეგმენტში (თურქეთი, საბერძნეთი და ა.შ.). მათივე პოზიციით, საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენის მსურველები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან იმ ვარიანტებით, სადაც შესაძლებელია უძრავი ქონების შეძენა იპოთეკური სესხის მიღებით. ეს მათ, ერთი მხრივ, უმცირებს პირველადი შენატანის მოცულობას, მეორე მხრივ კი გზას უხსნის ევროპული საბანკო ინსტიტუტებისკენ.
ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გაცილებით მეტი პოტენციური კლიენტი ინტერესდება არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების ან დასვენების პირობებით, არამედ იმითაც, თუ როგორი იქნება მათთვის საინტერესო უძრავი ქონების გაქირავების პერსპექტივა და აქედან რა შემოსავალი შეიძლება მიიღოს (ეს კატეგორია დღეს უფრო მრავალრიცხოვანი გახდა). ასევე მატულობს მათი რიცხვიც, ვინც უძრავ ქონებაში დაბანდებას მხოლოდ საინვესტიციო ინსტრუმენტად განიხილავს - ყიდულობს დღეს შედარებით იაფად, რათა მომავალში უფრო ძვირად გაყიდოს და ამით ნახოს სარგებელი.
„უძრავი ქონების შეძენის მხრივ ევროპული ბაზარი რჩება მუდმივად საინტერესო მიმართულებად. თუმცა, ცალკეული ქვეყნების მიხედვით პრობლემურია უძრავი ქონების შესყიდვის თანამდევი პროცესები, რაც ხშირად დამატებით ხარჯებს და დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის აუცილებლობას უკავშირდება. ამის მიუხედავად, ბოლო პერიოდში შეინიშნება ინტერესის მატება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ (ლატვია, ჩეხეთი, ხორვატია, მონტენეგრო, პოლონეთი).
ბაზარზე გაჩენილი ტენდენციების გათვალისწინებით, იკვეთება ახალი ძალიან საინტერესო და მიმზიდველი მიმართულებებიც. მაგალითად, მზარდ ინტერესს იწვევს ამერიკის ბაზარი, სადაც უძრავი ქონების კონკრეტული შეთავაზებები საინვესტიციო ვიზის მიღების და ბინადრობის უფლების მოპოვებას უკავშირდება. გაჩნდა ინტერესი ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, (უპირატესად, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კერძოდ, დუბაისა და აბუ დაბიში და აზიის პოპულარულ საკურორტო ქვეყნებში (ტაილანდში). საინტერესოა ევროპის ის ქვეყნებიც, სადაც უძრავი ქონების შეძენა ასევეა დაკავშირებული ბინადრობის პრობლემის შესაძლო გადაჭრასთან (მაგალითად, მალტა, კვიპროსი და ა.შ.)“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია Property Abroad-ის მმართველმა პარტნიორმა თათია კობრეშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის უძრავ ქონებას ყიდულობენ ქართველები უცხოეთში, თათია კობრეშვილის თქმით, აქ ერთი კონკრეტული ტიპის ყველაზე მიმზიდველი უძრავი ქონების გამოყოფა რთულია, ვინაიდან ინტერესის გამოხატვის ეტაპზე უფრო სხვა ფაქტორები გამოდის წინა პლანზე: „კერძოდ: შესაძენი უძრავი ქონების ღირებულება, იპოთეკური კრედიტის მოზიდვის შესაძლებლობა და ნაყიდი ობიექტის გაქირავების პერსპექტივა. ეს ფაქტორები ხშირად უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება ხოლმე, ვიდრე უძრავი ქონების ტიპი.
თუმცა, კონკრეტული ბაზრების მიხედვით ცალკეული ტენდენციებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ: მაგალითად, გერმანიაში უფრო მრავალბინიან სახლებში ყიდულობენ უძრავ ქონებას, სადაც ბინები კარგად ქირავდება.
ასევე ინტერესის საგანია წილობრივი შესყიდვები იმ ქონებაში, რომელსაც ჰყავს რამდენიმე თანამესაკუთრე, ობიექტი კი გრძელვადიანი იჯარით არის გაცემული (სუპერმარკეტები და სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტები, ქსელური რესტორნები, საწყობები და ა.შ.). ესპანეთში უფრო ზღვისპირა დასახლებებს ეტანებიან, თუმცა აქაც ფასიდან გამომდინარე ხდება არჩევანის გაკეთება, შესაბამისად, ბინები უფრო მიმზიდველია, ვიდრე ვილები. ამერიკაში ინტერესის ლიდერები ნიუ-იორკი და მაიამია. ვილების და სხვა ტიპის კერძო სახლების მიმართ ინტერესი უფრო მაღალი იმ ქვეყნებშია, სადაც ეს ქონება უფრო ხელმისაწვდომია (იგივე თურქეთი და საბერძნეთი)“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.
რაც შეეხება ფასებს, თათია კობრეშვილის თქმით, უძრავი ქონების ფასი დიდწილად გამომდინარეობს ადგილმდებარეობიდან, ყიდვის პირობებიდან, ობიექტის არსებული მდგომარეობიდან და კიდევ ბევრი სხვა მსხვილმანი თუ წვრილმანი გარემოებიდან. მაგალითაც, თურქეთში სასტუმროს ტიპის სახლებში ოთახის შეძენა 40 ათასი ევროდანაც შეიძლება. ზოგჯერ ამავე ფასად შეიძლება წააწყდეთ ბინას მრავალბინიან სახლში თუნდაც გერმანიაში, შედარებით ნაკლებად აქტიურ რომელიმე ფედერალურ მიწაზე.
„რაც შეეხება ღირებულების ზედა ზღვარს, ის პრაქტიკულად განუსაზღვრელია - ნიუ-იორკში, მაგალითად, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია ნორმალურ კონდიციებში მყოფი არსებული ან მშენებარე ობიექტის ყიდვა მილიონ დოლარზე იაფად. დამატებითი მიმზიდველი ფაქტორების არსებობის და ბაზრის პერმანენტული ზრდის გათვალისწინებით, უძრავი ქონების კონკრეტული ობიექტის ფასი კიდევ უფრო მატულობს. იგივე სურათია ლონდონში, ბარსელონაში, დუბაიში, პარიზში და სხვა მუდმივად მიმზიდველ ქალაქებში“, - განაცხადა თათია კობრიშვილმა.
Propertyabroad ქართულ ბაზარზე ორიოდე წლის წინ შემოვიდა და ის მომხმარებელს საზღვარგარეთ უძრავი ქონების ყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევს.
ელზა წიკლაური