„პრეზიდენტის სასახლის მომავალი“ - მოქალაქის იდეა მერს

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ვებგვერდზე 168 მიმდინარე, 175 დაბლოკილი, 466 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 9 იდეა განხილვის პროცესშია, ორი კი უკვე შეთანხმებულია.

მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთი იდეის ავტორი თბილისში პრეზიდენტის სასახლისთვის ახალი ფუნქციის მინიჭებაზე საუბრობს. კერძოდ, მოქალაქის აზრით, შენობა „მეფეთა მუზეუმად“ უნდა გადაკეთდეს.

„შემდეგი საქართველოს პრეზიდენტი (ლოგიკურად) დღევანდელ პრეზიდენტის სასახლეში აღარ დაიდებს ბინას, სწორედ ამიტომ შემოვდივარ წინადადებით: ე.წ ,,პრეზიდენტის სასახლე" გადავაკეთოთ ,,მეფეთა მუზეუმად". კერძოდ შენობის ინფრასტრუქტურას არ დასჭირდება დიდად შეცვლა, გავაკეთოთ ჩვენი მეფეების ცვილის ფიგურები (შესაძლებელია გარდაცვლილი პრეზიდენტებიც) თან დავურთოთ საინფორმაციო დაფა და აუდიო ისტორია მისი მეფობის მნიშვნელოვან ეპიზოდებზე, რათა ტურისტებმა (და ეჭვი მაქვს ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემაც) შეძლონ მათთვის გასაგებ ენაზე მოისმინონ ისტორიები საქართველოს მეფეებისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი თარიღების შესახებ.

ამავე შენობაში გამოიყოფა სივრცე, სადაც შეგვიძლია სუვენირების სახით გავყიდოთ საქართველოსთან ასოცირებული სიმბოლიკები (დროშა, გერბი, თუნდაც მეფეების მინი ფიგურები და ა.შ).

სასახლე იქნება ფინანსურადაც შემოსავლიანი, ასევე მოხდება ტურისტების ინფორმირება სუფრისა და სადღეგრძელოების გარეთ. შენობა გახდება სავიზიტო ბარათი, სადაც მოსულ ადამიანს შესაძლებლობა ექნება თუნდაც ერთ დღეში წარმოდგენა შეიქმნას საქართველოს ისტორიისა და მდიდარი წარსულის შესახებ.

ამავე სასახლეში (შემდგომში მეფეთა მუზეუმში) შესაძლებელია ერთ-ერთ სივრცეში წარმოდგენილ იქნას მომავლის საქართველო არსებული და განვითარების დიდი პერსპექტივის მქონე ადგილებითა და არსებული ობიექტებით (სვანეთი, ბაკურიანი, ბათუმი და სხვა); ეს იქნება ერთ სივრცეში მოკრძალებულად ჩატეული საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი.

p.s. გოლიათი აღმაშენებლის ცვილის ფიგურას რომ წარმოვიდგენ უკვე შემდგარი პროექტი მგონია. (შესაძლებელია ეს იდეა მხოლოდ თბილისის მერიის გადაწყვეტილებაზე არ იყოს დამოკიდებული, თუმცა გასახმოვანებლად უკეთეს ტრიბუნას ვერ ვიპოვიდი),“-ნათქვამია მოქალაქის განცხადებაში.

აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემა 24 აგვისტომდეა შესაძლებელი.