ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა, კონგრესზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ცენტრალური ბანკი, დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის გაგრძელებას აპირებს.თუმცა ისიც აღნიშნა, რომ სიტუაციის ანალიზს, ჩინეთთან და ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობათა დაძაბვა ართულებს.
„შრომის ბაზარი მყარია, ინფლაცია ჩვენს მიზნობრივ დონესთან ახლოსაა, რისკები კი დაბალანსებულია. ამ სიტუაციაში, FOMC-ი (ღია ბაზრების ფედერალური კომიტეტი) თვლის, რომ ამ ეტაპზე, განვითარებისთვის საუკეთესო გზა, განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის პროცესის გაგრძელებაა“, - კონგრესზე ნახევარი წლის შემაჯამებელ მოხსენებაში განაცხადა პაუელმა.
ფედრეზერვის შეფის თქმით, კომიტეტის სხვა წევრებიც თვლიან, რომ უახლოეს წლებში შრომის ბაზარი კვლავ მყარი იქნება და ინფლაცია მიზნობრივი 2-პროცენტიანი დონის სიახლოვეს დარჩება. ის დასძენს, რომ ფინანსური კონდიციები ზრდისკენ არის მიდრეკილი და რომ მყარი ფინანსური სისტემა კარგი პოზიციაა იმისათვის, რომ მომხმარებელმა იპოთეკური თუ ბიზნეს სესხებით თამამად ისარგებლოს. დაბალი გადასახადები და ხარჯვის ზრდა, დიდი ალბათობით, კვლავაც ეკონომიკის ზრდის მხარდაჭერის ფაქტორებად დარჩება.
მაგრამ პაუელი ასევე ამბობს, რომ სავაჭრო ურთიერთობათა დაძაბვის ფონზე, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძნელი იქნება და ამ დაძაბულობის ფისკალური ეფექტიც მოგვიანებით გამოვლინდება. „საერთო ჯამში, ჩვენ ვხედავთ იმის რისკს, რომ ეკონომიკამ მოულოდნელად დასუსტება დაიწყო, თუმცა არის იმის შესაძლებლობაც, რომ მისი განვითარების ტემპი დაჩქარდეს“, - ამბობს პაუელი.
თავისი გამოსვლის შეჯამებისას პაუელი განმარტავს, რომ დოლარზე განაკვეთის უფრო სწრაფი, ან ნელი ზრდა რისკებს უკავშირდება, რაც არაა სასურველი. ამიტომ, ფედრეზერვის მიერ ეტაპობრივი ზრდის გეგმის არჩევა, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა.
„ერთი მხრივ, განაკვეთის ნელი ტემპით ზრდამ შესაძლოა, მაღალ ინფლაციამდე, ან ფინანსური ბაზრის გადაჯერებამდე მიგვიყვანოს. მეორე მხრივ კი, თუ განაკვეთს მეტისმეტად სწრაფად გავზრდით, ეკონომიკის განვითარების ტემპი შესაძლოა, შეფერხდეს, ინფლაცია კი მიზნობრივ დონესთან შედარებით, მკვეთრად დაბლა დაიწევს და დაბლა დიდხანს დარჩება“, - განმარტავს პაუელი.