„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” "საქნახშირთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იქამდე ვიდრე ხელისუფლებასთან დაიწყება მოლაპარაკებები, „საქნახშირის“ საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი შახტებში უზრუნველყოფს მხოლოდ წყალსაქაჩი და სავენტილაციო დანადგარების მუშაობის უწყვეტობას, რათა მოხდეს შახტებში უსაფრთხოების შესაბამისი დონის შენარჩუნება.
„ჰოლდინგი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” აცხადებს, რომ სანამ საქართველოს მთავრობასათან დაიწყება მოლაპარაკება კომპანია „საქნახშირის“ სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის სამართლებრივ პროცედურებზე, „საქნახშირის“ საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი შახტებში უზრუნველყოფს მხოლოდ წყალსაქაჩი და სავენტილაციო დანადგარების მუშაობის უწყვეტობას, რათა მოხდეს შახტებში უსაფრთხოების შესაბამისი დონის შენარჩუნება. ამავდროულად, გარდამავალ პერიოდში ტყიბულის შახტების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით აუცილებლად მიგვაჩნია შახტების კონსერვაციის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან სათანადო უფლებამოსილების მქონე უწყებების ჩართულობის უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას 4 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ გარდა, შემთხვევის დროს ექვსმა მუშამ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ამავე დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მინდელის შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე გამოძიება და მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტიზა არ დასრულდება.