ღამის ავტობუსები ხაზზე შესაძლოა, ივლისში ვერ გავიდნენ - სერგი გვარჯალაძის უწყება გეგმაზე ჯერ კიდევ ფიქრობს

თბილისის მერიას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი ღამის საათებში ავტობუსები როდიდან იმოძრავებენ.ამასთან, უცნობია კონკრეტული ლოკაციებიც, სადაც ღამით მუნიციპალური ავტობუსები ივლის.

თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე ორიოდე კვირის წინ აცხადებდა, რომ დედაქალაქში ღამის ტრანსპორტი იმოძრავებდა და თანაც, აუცილებლად ივლისიდან. თუმცა როგორც დღეს ღამის ეკონომიკის განვითარების სამსახურში გვითხრეს, დღემდე ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ. აქვე ისიც დააზუსტეს, რომ პროექტზე მუშაობენ.

რაც შეეხება კითხვას, ღამის ტრანსპორტის ამოქმედება ივლისში მოესწრება თუ არა, ღამის ეკონომიკის განვითარების „დეპარტამენტში“ ამბობენ, რომ ვერაფერს გვეტყვიან და თავად გავრცელებენ ინფორმაციას, როდესაც ჩამოყალიბდებიან.

თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მათ სამსახურს სერგი გვარჯალაძე კონკრეტულ გეგმას გადაუგზავნის, დაახლოებით 2-კვირიანი პროცედურაა საჭირო, რათა ღამის ტრანსპორტი ამოქმედდეს.

„საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ამას სერგი გვარჯალაძე უწევს ხელმძღვენლობას და ჩვენი სამსახურიც ჩართულია. ჩვენი მხრიდან განიხილება რამდენიმე მარშრუტი, თუმცა, კონკრეტიზაცია არ არის. ეს უნდა იყოს აწყობილი იმ ღონისძიების შესაბამისად, რაც ღამის ქალაქთან დაკავშირებით დაიგეგმება. ამიტომ, კონკრეტიზაციას მათგან ველოდებით, რომ იმის მიხედვით ავაწყოთ მარშრუტები. ამისთვის ჩვენ ძალიან ცოტა პერიოდი დაგვჭირდება. მარშრუტის დაგეგმვა და მთავრობაზე განსახილვევლად გატანა, სადღაც 2 კვირიანი პროცედურაა“,-აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მამუკა მუმლაძე.

შეგახსნებთ, რომ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელის მიერ ღამის ტრანსპორტის ამოქმედების თარიღად ივლისის ბოლო დაანონსდა.

როგორც გვარჯალაძე ამბობდა, პროექტზე მომუშავე ჯგუფის იდეაა, ტრანსპორტმა 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კონკრეტულ მარშრუტებზე იმოძრაოს. ამასთან, ბოლო წერტილები მეტრო „ახმეტელი“ და მეტრო „ვარკეთილი“ უნდა ყოფილიყო. გვარჯალაძე იმასაც ამბობდა, რომ ახალი სქემით ერთმანეთს ტურისტული კერები უნდა დაკავშირებოდა - მაგალითად, პირველი რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნები და ა.შ.

ნინი ქეთელაური