იმ ამერიკული კომპანიების უმეტესობა, რომლებიც ჩინეთში მუშაობენ, წინააღმდეგნი არიან იმისა, რომ მათი პრობლემების მოსაგვარებლად, იქნება ეს ბაზარზე შეღწევისთვის საჭირო მკაცრი მოთხოვნების შესრულება, თუ ინტელექტუალური საკუთრება, ტარიფების ზრდა იყოს გამოყენებული.
შანჰაიში ამერიკულმა სავაჭრო პალატამ ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც ჩინეთში ბიზნესის კლიმატს ეხებოდა. მასში 434 რესპონდენტი გამოიკითხა, რომელთაგან დაახლოებით 69 პროცენტი, გაზრდილი ტარიფების წინააღმდეგია და მხოლოდ 8.5 პროცენტი - მომხრე.
გამოკითხვა მანამ ჩატარდა, სანამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ტარიფებს ასწევდა. ტრამპი ჩინეთს ვაჭრობაში არასამართლიანი მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც, ჩინური კომპანიები, რომლებთან პარტნიორობაც უცხოელებს უწევთ, მოგებულები რჩებიან. გარდა ამისა, არასამართლიანი ვაჭრობა, ამერიკას ჩინეთთან ვაჭრობაში, უზარმაზარ უარყოფით სავაჭრო ბალანსს უგროვებს.
ვაშინგტონმა ახლახან დამატებით 200 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციაზე, 10 პროცენტით გაზარდა ტარიფები. გაზრდილი ტარიფებით დაბეგრილი პროდუქციის ჩამონათვალში შედის საკვები პროდუქტები, თამბაქო, ქვანახშირი, ქიმიური პროდუქტები, ფოლადი და ალუმინი.
ამერიკასა და ჩინეთს შორის წლების განმავლობაში გრძელდება მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ უცხოური კომპანიებისთვის, ჩინურ ბაზარზე შეღწევა გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში არის შესაძლებელი. ამ პირობების შესაბამისად, ჩინურ ბაზარზე შესაღწევად, უცხოურ კომპანიას ადგილობრივი პარტნიორი უნდა ჰყავდეს. მოლაპარაკებებს რეალური შედეგი არ მოჰყოლია. არადა, ჩინური მხარე პირობას დებდა, რომ ამ პრობლემას მოხსნიდა.
ამის მიუხედავად, რესპონდენტთა 34 პროცენტი თვლის, რომ ჩინეთის სახელმწიფოს მიდგომა უცხოური კომპანიებისადმი უკეთესობისკენ არის შეცვლილი. შარშანდელ ანალოგიურ გამოკითხვაში, ასეთ აზრს რესპონდენტთა 28 პროცენტი გამოთქვამდა. იმავდროულად, შემცირდა (33-დან 23 პროცენტამდე) მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ეს დამოკიდებულება გაუარესებულია.
რეგულირების ორი ძირითადი საკითხი, რომლებიც ტრამპის უკმაყოფილებას იწვევს, საკუთრების უფლება და ლიცენზირების მოთხოვნებია. გარდა ამისა, ტრამპი მეტისმეტად უკმაყოფილოა იმით, რომ ამერიკულ კომპანიებს, თავიანთი ჩინელი პარტნიორებისთვის, საკუთარი ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარება უწევთ, რითაც მათი ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ირღვევა.
გამოკითხვაში მონაწილე კომპანიების 21 პროცენტი თვლის, ისინი განიცდიან ზეწოლას, რისი საბოლოო შედეგიც, ტექნოლოგიების ტრანსფერია. ამ მხრივ, „მოწინავეთა“ შორისაა ავიაკოსმოსურ და ქიმიურ მრეწველობაში მომუშავე კომპანიები.