დოლარის ინდექსმა დღეს ზრდა გააგრძელა და ბოლო ერთი წლის მაქსიმუმს მიუახლოვდა.ამის ძირითადი მიზეზი, ფედერალური რეზერვის შეფ ჯერომ პაუელის გამოსვლაა, რომლის დროსაც, მან დაადასტურა, რომ ცენტრალური ბანკი წელს დოლარზე საპროცენტო განაკვეთის კიდევ ორჯერ გაზრდას აპირებს.
დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან, დოლარის საშუალო კურსს ასახავს, 0.32 პროცენტით, 95.14-მდე გაიზარდა. ცნობისათვის, ბოლო 11 თვის მაქსიმალური მაჩვენებელი 95.25-ია, რომელიც ივნისში დაფიქსირდა.
პაუელს სამშაბათს და ოთხშაბათს გამოსვლები ჰქონდა კონგრესის წინაშე, სადაც ფედრეზერვის ნახევარი წლის ანგარიში წარადგინა. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობათა დაძაბვის მიუხედავად, ფედრეზერვი დოლარზე განაკვეთს წელს მაინც ორჯერ ასწევს.
იაპონურ იენთან წყვილში, დოლარის კურსი 0.13 პროცენტით გაიზარდა და 113.00 იენს მიაღწია. ცნობისათვის, ბოლო ექვსი თვის მაქსიმალური მაჩვენებელი 113.13 იენია, რომელიც ტრეიდერთათვის ერთგვარი ფსიქოლოგური ბარიერის როლს ასრულებს, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც (ამ მომენტისთვის, უკვე გადალახა), წყვილის ფასს ზრდის გაგრძელების რეალური პერსპექტივა გაუჩნდება.
დოლარი თავის ევროპელ კონკურენტებს - ევროს და სტერლინგსაც ჯობნის. ევრო-დოლარის კურსმა შეძლო 1.16 ბარიერის გადალახვა და კლებას თავდაჯერებით აგრძელებს. მსგავსი სიტუაციაა სტერლინგ-დოლარის წყვილის შემთხვევაშიც, რომელმაც 1.30 ნიშნული გადალახა და კლებას აგრძელებს.
ამერიკულ ვალუტასთან წყვილში სტერლინგის დასუსტებას, ხელი იმ გარემოებამაც შეუწყო, რომ გუშინ ბრიტანეთში ინფლაციის სუსტი მაჩვენებელი გამოქვეყნდა, რაც ამცირებს იმის შანსს, რომ ინგლისის ბანკი სტერლინგზე საპროცენტო განაკვეთს აგვისტოში გაზრდის.