„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს რეგულარულად აკვირდება.
ამჯერად ჩვენი ყურადღება კომპანია „გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯისგან” რუსული წარმოების ავტომობილების „LADA 4x4, 21214” (იგივე „ნივა“) სახელმწიფო შესყიდვებმა მიიპყრო.
ორგანიზაციის ცნობით, კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს საჯარო უწყებებმა უმეტესწილად უკონკურენტო ტენდერის გზით 3 მლნ ლარამდე ღირებულების რუსული „ნივა” შეისყიდეს. ამ პროცესში სხვა ავტომწარმოებლები, როგორც წესი, არ მონაწილეობდნენ, ვინაიდან შემსყიდველ ორგანიზაციებს სატენდერო დოკუმენტაცია, ფაქტობრივად, მორგებული ჰქონდათ „ნივაზე” - მითითებული იყო ძალიან დაბალი ფასი და მარტივად დასაკმაყოფილებელი ტექნიკური პირობები.
კომპანია „გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯი“ 2011 წელს დაფუძნდა, სახელმწიფო შესყიდვებში კი მონაწილეობას 2012 წლის ბოლოდან იღებს. ის სახელმწიფო უწყებებს რუსული წარმოების „ნივას“ აწვდის. 2012-2018 წლებში სხვადასხვა საჯარო უწყებამ ჯამში 3 მილიონ ლარამდე ღირებულების 136 „ნივა“ შეიძინა (ცხრილი 1). ყველაზე მეტი - 50 „ნივა“ სახელმწიფო კომპანიამ შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეიძინა და ჯამში 1,151,500 ლარი გადაიხადა. შემდეგ მოდის აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 721,230 ლარის ღირებულების 31 „ნივით”. შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ“ კი ერთი ტენდერით 570,000 ლარის ღირებულების 30 „ნივა“ შეიძინა.
„აღსანიშნავია, რომ ერთი შემთხვევის გარდა (შუახევის მუნიციპალიტეტის შესყიდვა), ყველა ტენდერში, სადაც კომპანია „გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯიმ” გაიმარჯვა, კომპანია კონკურენტების გარეშე იყო, მხოლოდ მან გააკეთა შეთავაზება ავტომობილების („ნივას“) მიწოდებაზე. ამის მიზეზი გამოცხადებული ტენდერების ტექნიკური პირობები და შესყიდვის ღირებულება იყო. „ნივა“ იმარჯვებდა ისეთ ტენდერებში, სადაც ავტომობილების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მინიმალური მოთხოვნები იყო და ამავე დროს, 1 ავტომობილის შესყიდვაზე 18,000 -27,000 ლარი იყო გამოყოფილი.
„გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯის“ მიერ „ნივით“ მოგებულ ტენდერებში ავტომობილის საგარანტიო პერიოდად 6 თვე (ან 35 000 კილომეტრის გავლამდე) ან 1 წელია მითითებული. ჩვეულებრივ, როდესაც მსუბუქი ავტომობილების სახელმწიფო შესყიდვებში „ნივა“ არ მონაწილეობს, სახელმწიფო უწყებებს შესასყიდი ავტომობილის საგარანტიო პირობად ერთ წელზე მეტი აქვთ მითითებული. მეტიც, სრულ ავტომობილზე საგარანტიო პირობად 3 წელი (ან 150 000 კილომეტრი), ხოლო ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) 5 წელია მითითებული,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორ კვლევაშია აღნიშნული, „ნივების“ ყველაზე მსხვილ შემსყიდველებს „საქართველოს ფოსტას“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბოლო წლებში სხვა მწარმოებლის ავტომობილებიც აქვთ შესყიდული. ამ შემთხვევაში, ისინი გარანტიის პირობად მინიმუმ 5 წელს ან 150 000 კმ-ს უთითებდნენ. ეს შესყიდვები იყო არამაღალი გამავლობის ავტომობილებზე („ნივა“ მაღალი გამავლობისაა). შესაბამისად, გაუგებარია, თუ სხვა დანიშნულების ავტომობილებზე მაღალ გარანტიას ითხოვდნენ, რატომ არ ვრცელდებოდა იგივე მაღალი გამავლობის ავტომობილებზე, სადაც უკონკურენტოდ „ნივა“ იმარჯვებდა.
„ერთი მხრივ კარგია, როცა სახელმწიფო უწყება ავტომობილებს შედარებით იაფად ყიდულობს, მაგრამ მეორე მხრივ გასათვალისწინებელია შესყიდული პროდუქციის ხარისხი. ავტომობილების შემთხვევაში საგარანტიო ვადად 6 თვის ან 1 წლის მოთხოვნა ძალიან მოკლე პერიოდია და მომავალში ავტომობილების მომსახურების ხარჯების მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს აჩენს. ეს ნაწილობრივ დასტურდება იმ ფაქტით, რომ უკვე შესყიდული „ნივების“ მომსახურების მიზნით, იმავე კომპანიასთან - „გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯისთან” 200 000 ლარის ღირებულების პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტებია გაფორმებული სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების და აქსესუარების შეძენისთვის.
„გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯის” დამფუძნებლის, გოჩა როსტიაშვილის პოლიტიკოსებთან კავშირზე ერთი თვის წინ სტუდია „მონიტორმა” გამოაქვეყნა სიუჟეტი. გოჩა როსტიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრის შალვა ობგაიძის დეიდაშვილია.
გარდა იმისა, რომ მრავალჯერ უკონკურენტოდ მოგებული ტენდერები გარკვეულ გარიგებასა და მორგებულ ტენდერებზე აჩენს ეჭვს და ამასთან, „ნივას“ შესყიდვაზე დახარჯული თანხის ეფექტიანობა სათუოა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - რამდენად მიზანშეწონილია, რომ ოკუპანტ ქვეყანაში, რუსეთში წარმოებულ პროდუქციის შესყიდვაზე სახელმწიფო ფინანსები იხარჯებოდეს? ვინაიდან საქართველოში მოქმედი შესყიდვების კანონმდებლობა რუსული პროდუქციის შეძენაზე მსგავს შეზღუდვებს არ ითვალისწინებს, ასეთი შემთხვევები მხოლოდ ავტომობილების შესყიდვისას არ გვხვდება. აქედან გამომდინარე, ზოგადად ეს საკითხი შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობის პრობლემადაც შეიძლება მივიჩნიოთ. საერთაშორისო პრაქტიკაში გვხვდება შემთხვევები, როდესაც გარკვეული ქვეყნები სანქციების ქვეშ მყოფ ან/და მათ მიმართ მტრულად განწყობილი (მითუმეტეს, ოკუპანტი) ქვეყნისგან პროდუქციის შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის დახარჯვაზე უარს ამბობენ.
რთულია დავთვალოთ, წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებიდან რა თანხა იხარჯება რუსულ პროდუქციაზე, რადგან უმეტეს შემთხვევებში რუსული პროდუქციის მიმწოდებლები საქართველოს რეზიდენტ კომპანიებად არიან დარეგისტრირებული და შესყიდვების ელექტრონული სისტემის პორტალი კი მიმწოდებლების წარმომავლობას მხოლოდ კომპანიების რეგისტრაციის მიხედვით აჯგუფებს და არა შესყიდული საქონლის წარმოების ადგილის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ამ პრობლემების მასშტაბურობაზე დასკვნის გაკეთება ვრცელი, სიღრმისეული კვლევის გარეშე რთული იქნება.
რეკომენდაციები: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დეტალურად უნდა შეისწავლოს კომპანია „გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯის” მიერ მოგებული ტენდერები ხომ არ იყო ე.წ. მიმწოდებელზე „მორგებული“ ტენდერები; აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა უნდა შეისწავლოს „ნივების“ შესყიდვაზე დახარჯული სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანობა; ცვლილებები უნდა შევიდეს სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო ბაზაში, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებს რუსული წარმომავლობის (როგორც ოკუპანტი ქვეყნის) პროდუქციის შესყიდვაზე,“-აღნიშნულია კვლევაში.