შემოთავაზება პროკურატურიდან იყო - ბატონო დიმიტრი, არ გჭირდებათ ადვოკატი, რადგან ეს არის მარტივი საქმე, - ამის შესახებ ყოფილმა პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.მისი თქმით, გამოკითხვა არ უკავშირდებოდა არც შესყიდვებისა და ტენდერების საკითხს. ყოფილი მინისტრი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც პროკურატურაში იმყოფებოდა, მის მიერ გადაგზავნილ საქმეს უკავშირდება.
„მე არ ვარ იურისტი, მე ვარ ეკონომისტი და სწორი იყო, რომ ადვოკატი უნდა წამეყვანა. პირდაპირ ვიტყვი, რომ შემოთავაზება პროკურატურიდან იყო - ბატონო დიმიტრი, არ გჭირდებათ ადვოკატი, რადგან ეს არის მარტივი საქმე და თქვენ უნდა დააფიქსირით თქვენი პოზიცია სხვებზე, შესაძლო დასაწყებ საკითხებთან დაკავშირებით და ეს არის გამოკითხვა. ეს იყო ჩვეულებრივი გამოკითხვა, სადაც დავაფიქსირე პოზიცია და ვერსიები, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში. ამ ყველაფერს არანაირ ტენდერებთან არ ჰქონდა კავშირი.
მე არ ვარ არანაირ შესყიდვებთან და ტენდერებთან დაკავშირებული, საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ახლა ვერ ვსაუბრობ, ჩვენ თვითონ გადავაგზავნეთ პროკურატურაში“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.