სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს "კრისტალი" დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს "კრისტალი" დააჯარიმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც მატლიანი სოსისი იყო გამოსახული. სურსათის ეროვნული სააგენტო დაუკავშირდა მომხმარებელს, რომელმაც აღნიშნული პროდუქტი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე შპს "კრისტალის" მარკეტში შეიძინა.

სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა შპს "კრისტალში" იმ დღესვე შეისწავლეს ხორცპროდუქტების შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ვარგისიანობის ვადები და სათანადო დოკუმენტაცია. სოსისი შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით იყო შენახული, თუმცა, მარკეტში აღმოჩნდა სხვადასხვა დასახელების ვადაგასული სურსათი - მარგარინი, რძე, ბავშვთა კვების პროდუქტი - სტაფილოს წვენი, იოგურტი, არაჟანი, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 742 მუხლის თანახმად, შპს "კრისტალი" დაჯარიმდა 200 ლარით. ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდება.

მაღაზიის მენეჯერს მიეცა მითითება, არ დაუშვას ვადაგასული და სასაქონლო სახედაკარგული სურსათის მიღება-რეალიზაცია.