„სადაზღვევო კომპანიები ჩვენ რეალობაზე ბოლომდე მორგებულები არ არიან“ - რატომ არ აზღვევენ ქართველი მძღოლები ავტომობილებს?

საქართველოს ავტოპარკის მხოლოდ 5,5%-ა დაზღვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მანქანის დაზღვევის კულტურა საკმაოდ დაბალია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რატომ არ აზღვევენ ქართველი მძღოლები ავტომობილებს, რაზეც დარგის სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ. მათი თქმით, ამის მიზეზია ის, რომ ავტოპარკის 91 % 10 წელზე უფრო ასაკოვანია და მისი დაზღვით არც დასაზღვეო კომპანიები იხიბლებიან და არც თავად მძღოლები. ამას ემატება სადაზღვეო კომპანიების პირობები, რომელიც „მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას“ და ასევე მძღოლების დაბალი ცნობიერება.

მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ერთ წელიწადში დაზღვეული ავტომანქანების რაოდენობა 26,5%-ით გაიზარდა, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 5,5%-ია დაზღვეული. კერძოდ, 2018 წლის პირველ კვარტალში 71 002 პოლისია გაცემული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 888 პოლისით მეტია.

როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, თავად სახელმწიფოს არ აქვს ავტოპარკის განახლების პოლიტიკა, რაც სადაზღვეო კომპანიების მუშაობაზეც აისახება.

„ამას ბევრი მიზეზი აქვს. პირველ რიგში ის, რომ სახელმწიფოს ავტოპარკის განახლების მიმართულებით პოლიტიკა ფაქტობრივად, არ აქვს. გარდა ამისა, 1,2 მილიონი ავტომობილიდან 10 წელზე უფრო ასაკოვანი ავტომობილები არის 91%-ზე უფრო მეტი, სადაზღევოებს კი მაინც უფრო ახალი ავტომობიების დაზღვევა ურჩევნიათ.

ჩვენ ახლა ვაპირებთ, რომ მივმართავთ შესაბამის უწყებებს და შევთავაზოთ კანონპროექტთა პაკეტი, თუ როგორ უნდა შეეწყოს ხელი ახალი ავტომობილების შემოდინებას ქვეყანაში, რაც დაზღვევასაც წაახალისებს. აქ პირველი რიგში მოსაგვარებელია განბაჟების სისტემა, რომელიც საკმაოდ არასახარბიელოა. 1-2 წლამდე ავტომბილის განბაჟება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე 7-8 წლის ავტომობილის, რაც ვერანაირად ვერ წაახალისიებს ავტოპარკის განახლებას“,-აცხადებს დავით მესხიშვილი.

მისი თქმით, მეორე ფაქტორი, რის გამოც ეს სფერო ვერ ვითარდება, არის მოსახლეობის ფინანსური შესაძლებლობები.

„წარმოიდგინეთ, 450 000-ზე მეტი ავტომობილი 20 წელზე უფრო ასაკოვანია, რაც კარგი ცხოვრებით ნამდვილად არ არის განპირობებული. როდესაც მძღოლს მაგალითად, 25 წლის ასაკის „ოპელ ვექტრას“ დაზღვევაში კომპანია სთავაზობს ძვირიან პაკეტს, ეს რა თქმა უნდა, არ იმუშავებს. ამიტომ, პრობლემა მთლიანობაშია დასანახი“,-აცხადებს დავით მესხიშვილი.

მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიები ვერ დგანან მოწოდების სიმაღლეზე, ამიტომ მძღოლებს არც მათი შეთავაზებული პირობები მოსწონთ და გარკვეულწილად, უნდობლობაც აქვთ.

„სადაზღვეო კომპანიების მიერ შეთავაზებული წინადადებები შეიძლება არ იყოს ავტომფლობელებისთვის მომხიბვლელი, ან დაფიქსირებული იყოს ბევრი ისეთი შემთხვევა, როდესაც კომპანიამ უსამართლოდ თქვა უარი ზარალის ანაზღაურებაზე. მე ვთვლი, რომ სადაზღვევო კომპანიები ჩვენ რეალობაზე ბოლომდე მორგებულები არ არიან. მათიც მესმის, თუ ძველი ავტომობილების დაზღევა არ უნდათ, თუმცა ჩვენს რეალობას ხომ უნდა მოერგონ?! აქ არის პრობლემების მთელი ჯაჭვი, დაწყებული ავტოპარკის განახლებით, დასრულებული თავად სადაზღვეო კომპანიებით, რომლებიც მოწოდების სიამღლეზე ვერ დგანან“,-აცხადებს დავით მესხიშვილი.

„ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე ამბობს, რომ საკითხის შესწავლას შესაბამისი კვლევა სჭირდება. თუმცა, მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, სადაზღვეო კომპანიების მიერ შეთავაზებული პაკეტები იყოს, რომელიც ავტომფლობელებს არ მოსწონთ.

„სიმართლე გითხრათ, კვლევა არ ჩაგვიტარებია და კონკრეტულად ვერ გეტყვით, რატომ არ აზღვევენ მანქანებს. თუმცა, შეიძლება, ეს გამოწევული იყოს თავად სადაზღვეო კომპანიების მიერ შეთავაზებული პაკეტებით და მათი ხარისხით. საკმაოდ ბევრია ისეთი მძღოლი, ვისაც ძვირადღიებული მანქანა ჰყავდა დაზღვეული, დიდ თანხასაც იხდიდნენ დაზღვევაში, მაგრამ როდესაც დასჭირდათ, სადაზღევო კომპანისგან ის შედეგი ვერ მიიღეს, რასაც ელოდნენ. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ამისთვის თავად მძოლების გამოკითხვაა საჭირო, ვინც აზღვევს მანქანას, რა პირობებს თანხმდება და ვინც უარს ამბობს, რა არის ამის მიზეზი“,-აცხადებს ვასო ურუშაძე.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ეკა ლალიაშვილი კი დაზღვეული მანქანების სიმცირეს, პირველ რიგში მძღოლების დაბალ ცნობიერებას უკავშირებს.

„აქ საზოგადოების ინტერესი უფრო უნდა იყოს, ვიდრე სადაზღვევო კომპანიების. სამწუხაროდ, დაზღვევა არ არის პოპულარული თემა საზოგადოებაში, ცნობადობა არის დაბალი. რატომღაც ჰგონიათ, რომ თუ ავტომობილს დააზღევენ, ხარჯი უფრო მეტი ექნებათ, ვიდრე ამონაგები. ამ საკითხში ჩვენ სახელმწიფოს მხარდაჭერა გვჭირდება, რადგან ეს უსაფრთხოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და უფრო მეტი ინფორმირებულობაა საჭირო, რომ მძღოლებმა იცოდნენ, რა პოზიტიური შედეგის მომტანია დაზღვევა“,-აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

ნინი ქეთელაური