"თელასი" დარიცხული დავალიანების მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ კომპანიას არ გააჩნია მომხმარებლებზე რამდენიმე წლის დარიცხული დავალიანების მოთხოვნის კანონიერი უფლება, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ ნათქვამია "თელასის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"თელასი" თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. თუ მომხმარებელს გააჩნია პრეტენზია დარიცხულ დავალიანებასთან დაკავშირებით და არ ეთანხმება არსებულ დავალიანებას, მას შეუძლია მიმართოს კომპანიის მომხმარებელთა პრეტენზიების განყოფილებას, სადაც არსებული წესების შესაბამისად მოხდება მომხმარებლის პრეტენზიის განხილვა. გარდა ამისა, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება "თელასის" გადაწყვეტილებას, მას აქვს უფლება, მიმართოს თავისი პრეტენზიით სემეკს და ენერგო ომბუნდსმენს, რომელთანაც კომპანია თანამშრომლობს ყველა მიმართულებით.

ბოლო დღეებში მოსახლეობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია "თელასთან" შეთანხმებით თბილწყალკანალი ახორციელებს ძველი დავალიანების მოთხოვნას, თითქოს ამის შესახებ არსებობს კომპანიებს შორის შეთანხმება და წყლის ძველი დავალიანების გამო "თელასი" მათ შეუწყვეტს ელექტროენერგიის მიწოდებას. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ასევე ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. ყოველ ასეთ შემთხვევაში მოსახლეობამ მიმართოს "თელასის" ცხელ ხაზს (ტელ: 277 99 99) ან ვებ-გვერდზე დატოვოს ინფორმაცია www.telasi.ge", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.