მიკროფასინანსო ორგანიზაციები რეგულაციების გადავადებას ითხოვენ - „სხვა შემთხვევაში კომპანიების ნაწილი ბაზრიდან გავა“

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დაანონსებული რეგულაციების გადავადებას ითხოვენ. კომპანიებში აცხადებენ, რომ სხვა შემთხვევაში მისო-ების ნაწილი ბაზრიდან გავა, დარჩენილები კი გამხსვილდებიან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 5 ივლისის ბრძანების თანახმად, მისო-ების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 2018 წლის 31 დეკემბრამდე არანაკლებ 500 ათასი ლარი, 2019 წლის 30 ივნისამდე კი არანაკლებ 1 მლნ ლარი უნდა იყოს. მთავრობის მიერ დაანონსებული რეგულაციებით კი სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, 100%-დან 50%-მდე მცირდება.

„ნანოკრედიტის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ბერძენაძე აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგულატორის მხრიდან საფინანსო სექტორში ძალიან ბევრი რეგულაცია ამოქმედდა. ეს განსაკუთრებით მტკივნეულად არასაბანკო სექტორზე აისახა. მისი განმარტებით, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100%-იანი ჭერის 50-%-მდე შემცირება და საზედამხედველო კაპიტალის მილიონამდე გაზრდა არასაბანკო საფინანსო სექტორს ძალიან ცუდ ვითარებაში ჩააგდებს. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი მომხმარებლებზე აისახება.

„მომხმარებელს ფინანსებზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდება. მით უფრო, თუ ჩვენ მათ შემოსავლების დადასტურებას მოვთხოვთ. იმ დღიდან, როცა გადახდისუნარიანობის ანალიზი მიკროსაფინანსოებსაც დაევალებათ, მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ, რომ სესხს ფაქტობრივად, ვეღარ აიღებენ. მსესხებლის შემოსავლების დადასტურება ჩვენი სექტორისთვის ძალიან რთულია. მივიღებთ სიტუაციას, როცა მოთხოვნა გაიზრდება, მიწოდება კი შემცირდება. დღეს ინვესტიციების გადინების პრობლემა არაა. კომპანიები გაიტანენ კაპიტალს და გადავლენ სხვა ქვეყანაში. არ იქნება საქართველო, იქნება დიდი ბრიტანეთი, იქნება პოლონეთი. მაგრამ საბოლოოდ დაზარალდება მოქალაქე, რომელსაც სესხის აღების ალტერნატივა აღარ ექნება“-განაცხადა ირაკლი ბერძენაძემ.

მისი განმარტებით, ქვეყანაში გადახდისუუნარო მოქალაქეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, სასამართლო პრაქტიკა კი მთლიანად ანტიბიზნესურია.

„ კანონი ისედაც მოქალაქის მხარესაა და არა ბიზნესის. სასამართლო პრაქტიკა ანტიბიზნესურია. პროცესები ძალიან დიდხანს ჭიანურდება. თუ სესხი გაპრობლემდა, მისი ამოღება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უკვე ძალიან უჭირთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ამ კუთხით მოქალაქეთა უფლებები ისედაც კარგად იყო დაცული“, - განაცხადა ბერძენაძემ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარის, ბესიკ შენგელია განცხადებით, სექტორში დაგეგმილი რეგულაციები ბევრ საფრთხეს შეიცავს.

„საფრთხეებს ვხედავთ და მნიშვნელოვანი სამუშაოა ცალკეულ რეგულაციებზე, რომლებიც ერთის მხრივ ეროვნული ბანკისგან და მეორეს მხრივ მთავრობისგან მომდინარეობს. რეგულაციების ამოქმედების პათოსი გვესმის, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვაა. ეს კარგად ჟღერს, მაგრამ, ფაქტია, რომ სრულიად იგნორირებულია მისო-ების სპეციფიკა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურების თვითღირებულება ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ბანკების. ჩვენ საბანკო სექტორისგან განსხვავებით იაფი ფულის რესურსთან წვდომა ნაკლებად გვაქვს.“-აღნიშნა ბესიკ შენგელიამ.

შენგელიას განცხადებით, აუცილებლად დაიწყება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გამსხვილების პროცესი. კომპანიების ნაწილი კი ბაზრიდან გავა.

მისივე განმარტებით, ასოციაცია დაგეგმილი რეგულაციების გადახედვას და 2019 წლის აპრილამდე გადავადებას ითხოვს.

ქრისტინე გამთენაძე