ძველი დავალიანების გადაუხდელობის გამო, არც ერთ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება არ შეუწყდება

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ძველი დავალიანებების ამოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ რამდენიმე დღეა, თბილისის მოსახლეობაში ვრცელდება ხმები, კომპანიის მიერ ცალკეული აბონენტებისგან წყალმომარაგების ძველი დავალიანებების ამოღების მცდელობის შესახებ. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი ძველი დავალიანების დაფარვაზე უარს განაცხადებს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", "თელასთან" შეთანხმებით, მას ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მიმართავს თბილისელებს და აქვე განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ამით თბილისის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა ხდება. წყალმომარაგების ძველი დავალიანების გადაუხდელობის გამო, დედაქალაქში მცხოვრებ არც ერთ აბონენტს (ოჯახს) არ უწყდება ელექტროენერგიის მიწოდება. ამ ტიპის ღონისძიება ტარდება მხოლოდ იმ აბონენტების მიმართ, რომელებიც მიმდინარე გადასახადს არ იხდიან", - ნათქვამია განცხადებაში.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თხოვნით მიმართავს აბონენტებს, ყოველი ასეთი შემთხვევის თაობაზე დაუკავშირდნენ კომპანიის ცხელ ხაზს (293 11 11) ან შეტყობინება დატოვონ კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე https://www.facebook.com/georgianwaterandpower?ref=hl.

"აქვე გაცნობებთ, რომ კომპანიაში კვლავაც მოქმედებს დავალიანების დაფარვის შეღავათიანი პროგრამა, რომლითაც სარგებლობა შეუძლია დავალიანების მქონე ნებისმიერ აბონენტს - ამ მიზნით შეგიძლიათ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" რაიონულ სერვისცენტრებს მიმართოთ", - ნათქვამია განცხადებაში.