ფინანსთა სამინისტრო და ბიზნესომბუდსმენი ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებზე ერთობლივად იმუშავებენ

ბიზნესის ხელშეწყობის, საგადასახადო ადმინისტრირებების გამარტივების საკითხებზე ფინანსთა სამინისტრო და ბიზნესომბუდსმენი ერთობლივად იმუშავებენ.

აღნიშნულის თაობაზე ფინანსთა სამინისტროს სათათბირო საბჭოს წევრები და საგადასახადო ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები უწყებაში დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც ბიზნესისთვის აქტუალურია. მათივე განმარტებით, საუბარი შეეხო იმ რეკომენდაციებს, რომელიც ასახულია საგადასახადო ომბუდსმენის 2014 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში.

"ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ საგადასახადო ომბუდსმენთან. დღეს განვიხილეთ საკითხები, რომელიც ბიზნესს აწუხებს. არის თემები, რომელზეც შეთანხმება მარტივია, რიგ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს. შევეცდებით უახლოეს მომავალში პოზიციები ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდეს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

ბიზნესომბუდსმენის, გიორგი გახარიას თქმით კი, ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ ფინანსთა სამინისტროს მიდგომებს.

შეხვედრაზე იმსჯელეს ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით კანონმდებლობის დახვეწის, მისი ლიბერალიზაციის კუთხით მიმდინარე სამუშაოებზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა ერთობლივ რეჟიმში გაგრძელდება.